სანტექნიკოსის გასაჭირი - კვირის პალიტრა

სანტექნიკოსის გასაჭირი

ცუდად დამთავრდა ჩემი საქმიანობის დარეკლამება ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე. ვიფიქრე, ვინმე წაიკითხავს რეკლამას და შემოსავალს გავზრდი-მეთქი, მაგრამ უკუღმა დატრიალდა ყველაფერი. მივედი ტელევიზიაში და რეკლამის ტექსტი მივიტანე, სადაც ეწერა:

"პროფესიონალი სანტექნიკოსი თქვენს სამსახურში, იაფად და ხარისხიანად!" და ჩემი ტელეფონის ნომერი. იმ ჩემი ცოდვით სავსე გოგონას, რომელიც რეკლამის ტექსტებსა და ფულს იბარებს, როგორც ჩანს, აერია ჩემი და სხვისი ტექსტები და ჩემი ტელეფონის ნომერი სხვისი განცხადებისთვის მიუწერია. იმ ვიღაცას კი ასეთი შინაარსის რეკლამა მიუტანია: "სექსუალური, სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი გამოძახებით. შეგისრულებთ ნებისმიერ სურვილს". ჰოდა, ვზივარ სახლში და გაისმის ტელეფონის ზარი. დაიწყო, გავიფიქრე და გახარებულმა ვუპასუხე:

- გისმენთ.

- დილა მშვიდობისა, - გაისმა სასიამოვნო ხმა. - როდის შეგიძლიათ მოხვიდეთ და შეასრულოთ თქვენ მიერ განცხადებაში მითითებული მომსახურება?

- დღესვე შემიძლია, ქალბატონო, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. 6 "ზაკაზი" მაქვს, მოვივლი იმათ და შემდეგ თქვენთან მოვალ, - ვუთხარი მე.

- კი მაგრამ, ექვსი "ზაკაზის" მერე რა ჯანდაბად მინდიხარ? - გაბრაზდა ქალი.

- როგორ გეკადრებათ, ქალბატონო, - დავიწყე ტრაბახი, - მე ხანდახან დღეში 16 მომსახურებას ვაკეთებ და ჯერ უკმაყოფილო არავინ დარჩენილა.

- მართლა? - დაეჭვდა ქალი, - ვერ ვიჯერებ.

- რა დაჯერება უნდა, ქალბატონო, მე ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ, - გადავედი შეტევაზე.

- მაშინ ძალიან გთხოვთ, მოდით ჩემთან ყოველგვარი რიგის გარეშე, - დამიდნა ქალი.

- ბოდიშს მოგიხდით, ურიგოდ მხოლოდ მეზობლებთან და ნაცნობებთან დავდივარ.

- მეზობლებთანაც? - გაუკვირდა.

- აბა, რა ვქნა, მეზობელს უარს ხომ ვერ ვეტყვი? რომ დამჭირდეს რამეში, ხომ უნდა დამეხმაროს ისიც?

- მართალია. რა ღირს  თქვენი მომსახურება?

- ყველაზე იაფად მე დავდივარ, ქალბატონო, - ისევ წავიაფერისტე.

- და მითხარით, რა ღირს ერთი საათი? - ხმას აუწია უცნობმა.

- მე საათებით არ ვმუშაობ. წერტილების მიხედვით ვიღებ. ერთი წერტილის ფასი 30 ლარია, - განვუცხადე მოჭრილად. ვგრძნობდი, თანდათან მეშლებოდა ნერვები.

- წერტილების მიხედვით? ოჰო, ეს ეტყობა ახალი სერვისია... - გაეცინა.

- სხვა არ ვიცი და მე დიდი ხანია, წერტილების მიხედვით ვიღებ ფულს. მოკლედ, გინდა? - არ გინდა და შეკვეთების მეტი რა მაქვს, - გავწიწმატდი მე.

- არა, არა, მოითმინეთ... თანახმა ვარ. რამდენ ხანს გრძელდება თქვენი მომსახურება?

- გააჩნია წერტილებს. საშუალოდ ერთ წერტილს ორ საათს ვანდომებ.

- ორ საათს? - გაგიჟდა ქალი, - თანახმა ვარ.

- კარგი, ქალბატონო, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ დამხმარე უნდა წამოვიყვანო.

- დამხმარე რად გინდა? - შეიცხადა ქალმა.

- სამუშაო იარაღი ხომ უნდა დამიჭიროს ვინმემ? - გავიკვირვე მე.

- მაგისთვის სხვა რად გინდა, მეც შემიძლია, - მითხრა ნაზად.

- ნუ გეშინიათ, ქალბატონო, დამხმარე მომსახურებაში შედის.

- არა, არა, ეგ არ მინდა, - იუარა.

- კარგი, შევთანხმდით, - წავიყვანე საუბარი დასასრულისკენ, - მაშინ ასე მოვიქცეთ, დღეს მოვალ, შევხედავ, შევამოწმებ, რა სამუშაოა და ხვალიდან დავიწყოთ.

- კი მაგრამ, რატომ უნდა შეხედოთ? - გაიკვირვა ქალმა.

- რა ვიცი, ქალბატონო, სხვადასხვანაირი სამუშაოებია. ზოგი გამოსატეხია, ზოგი გაჭედილია, ზოგს ჰაერი აქვს შეპარებული, ზოგი მთლიანად გამოსაცვლელია... - ავუხსენი მთელი ჩემი სამსახურებრივი საქმიანობა.

- რაო? გამოსაცვლელიო? თქვენ ხომ არ შეიშალეთ?! - შეჰკივლა.

- ცოტა ტონი შეარჩიეთ, ქალბატონო, გამოსაცვლელი იმიტომაა, რომ ზოგი პლასტმასისაა და სკდება.

- რა სკდება, თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ? - ისევ დამიყვირა.

- სრულ ჭკუაზე თქვენ არ ხართ, - არ მოვერიდე მე, - ჩემისთანა პროფესიონალს, მთელი ელიავას ბაზრობა რომ მოიარო, ვერ იპოვი...

- ელიავას ბაზრობაზე რა ოხრობა მინდა? თქვენ ვინ ბრძანდებით?

- სანტექნიკოსი ვარ.

- სანტექნიკოსი? - გადაიხარხარა, - მამაკაცი გამოძახებით არ ხართ?

- ქალბატონო, მე სახუმაროდ არ მცალია, - დავუყვირე და ყურმილი დავკიდე, თუმცა მალე მივხვდი, რომ ის ქალი არ ხუმრობდა, რადგან ჩემს ტელეფონზე მეორე ზარი განხორციელდა. სასიამოვნო ხმამ მოკლე შეკითხვა დამისვა: "რამდენი გინდა საათში?" შემდეგი ზარიც ანალოგიური იყო. ბოლოს კი იძულებული გავხდი, ტელეფონის ნომერი შემეცვალა, რადგან პროფესიის შეცვლას ამ ეტაპზე არ ვაპირებ.