დაეზღვიე და იმკურნალე
25-03-2013
დაეზღვიე და იმკურნალე
9 წელი მტკიოდა კუჭი და როგორც კი საყოველთაო დაზღვევის ამბავი გავიგე, ძალიან გამიხარდა. ჩემზე მეტად გაუხარდა ჩემს ცოლს, ღამე აღარ იკვნესებ და ნორმალურად დავიძინებო, მაგრამ უფრო მეტად გაუხარდათ ბავშვებს. მათი აღტაცების მიზეზის გამოცნობა არ გამჭირვებია - კუჭმორჩენილი სახლში მარტო "გრეჩიხას" არ მივიტანდი და ბავშვებს ხანდახან მწვადს, სოსისს და სხვა საჭმელსაც ვაჭმევდი. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, დაზღვევის საბუთები შევაგროვე და მივედი საავადმყოფოში, სადაც უამრავი კაცი ვნახე ჩემსავით საბუთებით დატვირთული. რიგში
ჩავდექი. ვიდექი ერთი დღე, ორი, სამი... მეოთხე დღეს, ასე, შუადღისას მომიწია ე. წ. ოჯახის ექიმთან მისვლამ, რომელმაც პროკურორივით შემომხედა და ზუსტად 170 შეკითხვა დამისვა. საღამოს დაადგინა, რომ ადამიანი ვიყავი, თანაც - კაცი და კუჭის ექიმთან მისასვლელი საშვი გამომიწერა. კუჭის ექიმთანაც დიდი რიგი დამხვდა. აქაც ვიდექი
ერთი დღე, ორი, სამი... მეოთხე საღამოს, როგორც იქნა შევედი ექიმთან. ექიმს ძალიან დაღლილი სახე ჰქონდა. შემეცოდა. ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, არაფერს ვეტყვი, ისე წავალ სახლში-მეთქი, მაგრამ ჩემმა კუჭმა, ეტყობა, ჩემი ფიქრი წაიკითხა და ისე ამტკივდა, თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა.

- გაგსინჯო? - მკითხა ექიმმა და მუდარით აღსავსე თვალებით შემომხედა.
გულში ქვა უნდა გქონოდა, რომ გეთქვა, გამსინჯეო, მაგრამ მის საცოდავ თვალებს ყურადღება არ მივაქციე და ვუთხარი:
- გამსინჯეთ, ექიმო, ძალიან მტკივა...
ექიმმა ჯერ ღრმად ამოიოხრა, მერე ცხენის ფრუტუნსა და ირმის ბღავილს შორის რომ ხმაა, ყელიდან ის ხმა ამოუშვა და გასინჯვა დამიწყო. 10-წუთიანი პროცედურის შემდეგ სახე გაუნათდა და მითხრა:
- თქვენ კუჭი გტკივათ, ბატონო...
ძალიან გამიხარდა, რომ შეგნებულ, გამჭრიახ და მცოდნე ადამიანთან მქონდა საქმე, ოდნავ დავიმორცხვე და ვუთხარი:
- ბატონო ექიმო, ეგ ისედაც ვიცოდი, მაინტერესებს, რა ვქნა, რომელი წამლები მივიღო?
ექიმმა, თითქოს ამ შეკითხვას ელოდაო, ცინიკურად შემომხედა და მითხრა:
- მაგისთვის უნდა წაბრძანდეთ ოჯახის ექიმთან, ის მოგცემთ მიმართვას, მომიტანეთ და გეტყვით.
რა უნდა მექნა, ჩავდექი ისევ რიგში ოჯახის ექიმთან. ისევ ვიდექი ერთი დღე, ორი, სამი... მეოთხე დღეს, როგორც იქნა, მომიწია რიგმა. მან, როგორც პირველად, ახლაც 170 შეკითხვა დამისვა და რომ დარწმუნდა, კუჭი მქონდა, მიმართვა გამომიწერა. ისევ ჩავდექი კუჭის ექიმთან რიგში - ერთი დღე, ორი, სამი... მეოთხე დღეს ვკითხე:

- აბა, რა ვქნა, ექიმო? კუჭი მტკივა და იქნებ მიშველოთ რამე?
ექიმმა ჩემს შეწუხებულ სახეს შეხედა, ეტყობა, შევეცოდე, სწრაფად აიღო ნემსი და უხერხულ ადგილას გამიკეთა. გაკეთებით კი გამიკეთა, მაგრამ როგორც კი დაამთავრა, თავის სავარძელში ჩაჯდა და პაპიროსი გემრიელად გააბოლა.
- რას შვრებით, ექიმო?! - ავყვირდი მე. - ასე რატომ დამტოვეთ? წამისვით ბამბა!
- რა ბამბა? - ძველი ბიჭივით დამიწყო ექიმმა საქმის გარჩევა: - მაგისთვის ცალკე საშვია საჭირო,  ჩაირბინე ახლა ოჯახის ექიმთან და ამომიტანე მიმართვა, რომ ბამბა წაგისვა.
რა უნდა მექნა! შარვლის აწევა და წასვლა დავაპირე, რომ ექიმის გამყინავი ხმა მომესმა:
- შარვალი არ აიწიო, გაგიმიზეზდება, მასე ჩადი!
რა ყოფილა ეს ტკივილი. ყოველგვარ სირცხვილს ვძლიე და შარვალჩახდილი ოჯახის ექიმისკენ გავემართე. ასე ნახევრად შიშველი ვიჯექი მოსაცდელში, სადაც ჩემსავით უამრავი ადამიანი იჯდა - ზოგს შარვალი ჰქონდა ჩახდილი, ზოგს მკერდი უჩანდა, ზოგს ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და გაკერილი ჭრილობის ძაფის ბოლო ეჭირა ხელში. ვისხედით და პოლიტიკაზე ვმასლაათობდით. ამ გაწამაწიაში, როგორც იქნა, მოვიდა ჩემი რიგი. ოჯახის ექიმმა ისევ უამრავი შეკითხვა დამისვა და როგორც კი გაარკვია, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გაერთიანებას მხარს ვუჭერდი, მომცა მიმართვა, მე კი გახარებული გავიქეცი ექიმთან, რომელმაც ნანემსარზე ბამბა წამისვა.
- ექიმო, ტკივილით არ მტკივა, მაგრამ მკურნალობის კურსი დამინიშნეთ, - ვთხოვე მე და  ჩამძვრალი შარვალი ავიწიე.

- ისევ უნდა ჩახვიდე ოჯახის ექიმთან,  - მითხრა ექიმმა და ურცხვად გამისწორა თვალი.
არ გავძალიანებივარ, ყველაფერი თავიდან გავაკეთე, ორი კვირის შემდეგ ამაყად წარვდექი კუჭის ექიმის წინაშე და მკურნალობის კურსის დანიშვნა მოვთხოვე.
- მომისმინეთ, - მომმართა ექიმმა, - თქვენ ისეთი პროცედურები გაიარეთ, მაგას ჯანმრთელი ადამიანი ვერ მოახერხებდა! თქვენ ავად არ ხართ! წადით აქედან! მატყუარავ!
რა უნდა მექნა, წამოვედი სახლში. მოვდიოდი და ამ ტყუილუბრალოდ დაკარგულ ორ თვეზე ვფიქრობდი, მაგრამ სასწაული ის იყო, რომ კუჭი მართალა აღარ მტკიოდა...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით