ისიც დაღლილი იყო - კვირის პალიტრა

ისიც დაღლილი იყო

ჩემს სოფელში ერთი ძალიან ენაკვიმატი კაცი ცხოვრობს, სახელად ბეჟანი. ხშირად გამოდის სოფლის "ბირჟაზე" და გვამხიარულებს ახალგაზრდებს. ამას წინათაც ვსხედვართ მთელი სოფლის ახალგაზრდობა. მოვიდა ძია ბეჟანი, ბევრი სასაცილო რამ გვიამბო და კარგადაც გაგვართო, თუმცა უფრო დიდი მხიარულება წინ გველოდა. ჩვენი მეზობელი გოგი "ბირჟაზე" გვიან გამოვიდა და მაშინვე წინა დღით თავს გადამხდარი ამბის მოყოლა დაიწყო:

- ბიჭებო, გუშინ ქალაქში ვიყავი და მაგარი გოგო გავიცანი, კაფეში შესვლა შევთავაზე და ეგრევე დამთანხმდა. მერე სასტუმროში გადავინაცვლეთ. მთელი დღე ერთად ვიყავით. მაგარი ქალი იყო. სახლში რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, ცოლმა რომ ალერსი დამიწყოს, რა მეშველება, ფეხზე ძლივს ვდგავარ-მეთქი, მაგრამ გამიმართლა - დავწექით და ხმა არ ამოუღია, გადაბრუნდა და დაიძინა...

- ალბათ, ისიც დაღლილი იყო, - ჩაიცინა ბეჟანმა.

ნ. მაისურაძე, ქუთაისი