მანქანას ყიდდა - კვირის პალიტრა

მანქანას ყიდდა

ჩემმა მეზობელმა, ვაჟამ, თავისი 1992 წელს გამოშვებული საკმაოდ შელანძღული "ფორდი" გასაყიდად ბაზრობაზე წაიყვანა. მანამდე ცოტა ფულს მოუყარა თავი, იფიქრა, დავამატებ აღებულ თანხას და უკეთესს ვიყიდიო. თან ერთხელ წამოსცდა, მენანება კიდეც გაყიდვაო. მოკლედ, სპეციალურად ამ დღისთვის გამშვენიერებული და სახელდახელოდ შეკეთებული მანქანა ბაზრობაზე წაიყვანა და პირველი კლიენტიც გამოჩნდა:

- რა ღირს მანქანა? - იკითხა კლიენტმა.

- 4.000 დოლარი - უპასუხა ვაჟამ.

- რა ამბავია 4.000 ამ ძველ და უვარგის მანქანაში? - გაბრაზდა უცნობი.

- რა არის უვარგისი, ძმაო, მოტორი ხელუხლებელი აქვს, "ხადავოი" გასრიალებული, სალონი ახალი შეცვლილი, "პერედოკი" ბულკივითაა, "პაკრიშკები" ახალთახალი, აკუმულატორი - უპრობლემო... - უცებ დაფიქრდა ვაჟა, - არ ვყიდი, მაგის დედაც ვატირეო, დაიძახა და საჭესთან დაჯდა.

როგორც ჩანს, მოეწონა საკუთარი მანქანა აღწერისას.

რ. ბერიძე. ტყიბული