განმარტებითი ლექსიკონი
01-04-2013
განმარტებითი ლექსიკონი
ქართულ ენაში უცხოურიდან შემოსული უამრავი სიტყვაა. ამ ბოლო დროს კიდევ ერთი სიტყვით გალამაზდა ჩვენი ენა, ესაა "კოჰაბიტაცია", თუმცა მანამდეც უამრავ კარგ და საინტერესო სიტყვებს ვიგებდით ხოლმე, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყველა უცხოური სიტყვა ქართულს პირდაპირი მნიშვნელობით არ ერგება, ის ქართულ თვისებებს იძენს და სხვა შინაარსის ხდება. ჩვენ დღევანდელი რუბრიკით გვინდა გიჩვენოთ, რომელმა სიტყვამ რა მნიშვნელობა შეიძინა ქართულ რეალობაში. მაშ, ასე:

კოჰაბიტაცია - ფრანგული სიტყვაა და ქართულად არ ითარგმნება.
პროკურატურა - ლათინური
სიტყვაა და ქართულად "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ყავის დასალევ ადგილს ნიშნავს.
სასამართლო - ძვ. ქართული სიტყვაა და ახლებურად მოყვასისადმი ხელის გამართვას, სიყვარულს და მეგობრობას ნიშნავს.
კაბინეტი - ფრანგული სიტყვაა, ქართულად "მიწაზე მუშაობის დედაც ვატირეს" ნიშნავს.
ჯიპი
- ინგლისური სიტყვაა და ქართულად მინისტრს ან გუბერნატორს ნიშნავს.
სტიქია - ბერძნული სიტყვაა და ქართულად "მერსედესის" ან "ოპელის" შეძენას ნიშნავს.
სამსახური - არაბული წარმოშობის სიტყვაა და სანათესაოს თავშეყრის ადგილს ნიშნავს.
ბიზნესი - ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჭავჭავაძეზე, სარკეებიან შენობაში სიარულს ნიშნავს.
პარლამენტი - ფრანგული სიტყვაა და ქართულად ღილაკზე თითის დაჭერას ნიშნავს.
ბანკი - იტალიური სიტყვაა და ქართულად სახლ-კარის გაყიდვას ნიშნავს.
ფეხბურთი - ინგლისური სიტყვაა და ქართულად სასოწარკვეთილებას ნიშნავს.
ნატო - ინგლისური სიტყვაა და ქართულად "კარი ღიაა, მაგრამ რად გინდას" ნიშნავს.
კონსტიტუცია - ლათინური სიტყვაა და ქართულად "შთაბეჭდილებების წიგნს" ნიშნავს.
პრემია - ლათინური სიტყვაა და არჩევნებამდე ხელფასის დანამატს ნიშნავდა, ახლა კი გაზრდილ ხელფასს ნიშნავს.
მერი - ფრანგული სიტყვაა და ქართულად ყველა ტენდერის მოგებას ნიშნავს.
პრეზიდენტი - ლათინური სიტყვაა და ქართულად უკვე აღარაფერს ნიშნავს.
დებატები - ფრანგული სიტყვაა და ქართულად სპორტის ყველა კონტაქტურ სახეობას ნიშნავს.
მიტინგი - ინგლისური სიტყვაა და ქართულად ღირსების გამოსავლენ ადგილს ნიშნავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით