მისამართი - კვირის პალიტრა

მისამართი

ბოლო ხანებში ხშირად ისმის კითხვა, უნდა მოხდეს თუ არა პროსტიტუციის ლეგალიზება. მე ვფიქრობ, უნდა მოხდეს და ამის მიზეზიც მაქვს. ახლავე მოგახსენებთ, რატომაც. რამდენიმეთვიანი სასიყვარულო სმს-ებისა თუ შეხვედრების შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი ნინიკო ცოლად მომეყვანა. საგანგებოდ გამოვიპრანჭე, ნიშნობის ბეჭედი ვიყიდე და მომავალ სიდედრ-სიმამრთან გავეშურე. თანაც საცოლისთვის არაფერი მითქვამს, მინდოდა, სიურპრიზი გამეკეთებინა. მისამართი ვიცოდი და მიგნება არ გამჭირვებია, თუმცა როგორ არ გამჭირვებია - მცირე შეცდომა დავუშვი, სადარბაზო შემეშალა და ერთ-ერთი არალეგალური საროსკიპოს კარზე დავაკაკუნე. კარი შუახნის ქალმა გამიღო, გარეთ გამოვიდა და მაშინვე დაკეტა. მე, რა თქმა უნდა, ნინოს დედად ჩავთვალე და ჩვენ შორის ასეთი საუბარი გაიმართა:

- რა გნებავთ, ახალგაზრდა? - მკაცრი სახით შემომხედა.

- მე... მე... თქვენ, ალბათ, დედა ხართ, არა? - ძლივს მოვაბი თავი სათქმელს.

- დედა? - გაიკვირვა მან, მერე გაეცინა და მითხრა, კი, კი, დედა ვარ, მაგრამ რუსულად უფრო კარგად ჟღერსო.

მე ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა და განვაგრძე:

- მე... ისა... ნინიკო მინდოდა.

- ნინიკო? - წამით დაფიქრდა, - ნინიკო რომელი, დიდმკერდიანი?

მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა. პირველად მესმოდა, დედას თავისი შვილი ასეთი ,,კომპლიმენტით" შეემკო, თუმცა რა უნდა მექნა? ეს უცნაურობა არ შევიმჩნიე და მორცხვად ჩავილუღლუღე:

- ნუ... შეიძლება ასეც ითქვას...

- ნინიკო დაკავებულია, შვილი... - ლოყაზე ხელი მომითათუნა "სასიდედრომ".

- ალბათ, უკრავს, - ვთქვი გახარებულმა, რადგან გავიგე, რომ სახლში იყო.

ჩემმა ვარაუდმა ქალბატონი ძალიან გააკვირვა, თუმცა მერე გაიღიმა და მითხრა:

- უკრავს და მერე როგორ, რო იცოდე.... - გამხიარულდა ,,დედიკო".

- ვიცი, მითხრა, "სკრიპკაზე" ვუკრავო, - ავყევი მხიარულებაში.

- რა ხართ ეს ბიჭები! - თვალი ჩამიკრა "სასიდედრომ", - ახლა "სკრიპკა" დაარქვით, ხო?

- ჰო, რა ვიცი, ვიოლინო ჰქვია ქართულად... - ამოვილუღლუღე "სასიდედროს" უცნაურობით გაკვირვებულმა.

- ბიჭი, შენ აქ პირველად ხარ? - მოულოდნელი შეკითხვა დამისვა.

- კი, პირველად ვარ.

- ეს დღე არასოდეს დაგავიწყდება... - ისევ გამიღიმა.

- ვიცი, მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში, - წელში გავიმართე მე და მთავარი სათქმელისთვის მოვემზადე.

- ისე, ნინიკოს გარდა, რომ იცოდე, თიკო მყავს, ლიზი, მონიკა... ათასჯერ უკეთესები... ისინი რომ გაჩვენო? ჰა? - თვალი თვალში გამიყარა "სასიდედრომ".

ამ კითხვამ მთლად დამაბნია, თუმცა უკან აღარ დავიხიე:

- არა, ქალბატონო, მე ნინიკო მიყვარს.

- გენაცვალე, - დამიტკბა, - ნინიკო ახლა ორი საათი სხვას უყვარს, თუ დაელოდები, მერე შენ შეგიყვარებს.

- ქალბატონო, ვერაფერი გავიგე, - აღმომხდა სასოწარკვეთილს, - ნინიკო ხომ აქ ცხოვრობს და თქვენ ხომ მისი დედა ხართ?

- კი, აქ ცხოვრობს, დედა ვარ, აბა, რა ვარ, სულ პატარა იყო, აქ რომ მოვიდა, ჩემ ხელში გაიზარდა. ყველაფერი ვასწავლე, ქალი დავაყენე, მარა რა ქალი!..

- მართლა ძალიან განათლებულია, - შევაქე საცოლე.

- დაიცა, თქვენ რა, ხვდებით ერთმანეთს უჩემოდ? - ხმა გაუმკაცრდა მოულოდნელად.

- რაღა დაგიმალოთ და, ვხვდებით. ხან სკვერში, ხან კინოში, ხან ჩემთან, უნივერსიტეტში, - გავამჟღავნე საიდუმლო.

- მოვკლავ მაგ თახსირს, უჩემოდაც დაძვრება, ხო? დაიცა, უნივერსიტეტშიც? თქვენ რა, გათახსირდით მთლად? - გაცეცხლდა "დედა". თუმცა უფრო მეტად გაბრაზებული მე ვიყავი.

- რატომ კადრულობთ, ქალბატონო, ასეთ სიტყვებს? მე ნინიკო მიყვარს. აი, რა მოვუტანე, - უკანასკნელ იმედს ჩავეჭიდე და ბეჭედი ამოვიღე. ქალმა გაკვირვებით დახედა, ხელში ატრიალა, უკან დამიბრუნა და კვლავ მეტად მოულოდნელი და უხერხული შეკითხვა დამისვა:

- ეს რად მინდა, ფული არ გაქვს?

- ფული? - ენა ჩამივარდა, - ჯერ არა, ვსწავლობ, ქალბატონო, დავიწყებ მუშაობას და ფულიც მექნება.

ამ დროს ბინიდან ასე, 30 წლამდე მელოტი კაცი გამოვიდა, ,,სასიდედროს" მადლობა გადაუხადა, მერე მე მომიბრუნდა, ეს ადგილი არ ვიცოდიო, მითხრა, მაგარია, თუ შეხვალ, აუცილებლად ნინიკო აირჩიე, უმაგრესი გოგოაო და წავიდა. მისმა სიტყვებმა სულ გამაგიჟა. თავი ვეღარ შევიკავე და ვიყვირე:

- ეს კაცი ვინ იყო?!

ჩემმა ყვირილმა ,,სასიდედრო" ძალიან გააბრაზა:

- რა გაყვირებს? ვინ იყო და, ჩვენი კლიენტი.

- რა კლიენტი, თქვენ ხომ არ გაგიჟდით?! - უკვე აღარაფერს ვერიდებოდი. - ჩემი ნინიკო სად არის?! ახლავე დაუძახეთ!

ხმაურზე კარი გაიღო და მოკლეკაბიანი, გადაღებილი და ქერათმიანი ქალი გამოვიდა, ნინიკო მე ვარ ჩიტოო, მითხრა და გამიღიმა. ამის თქმა იყო და, აღარაფერი მახსოვს. როცა გონს მოვედი, ,,სასიდედრო" წყალს მასხამდა.

როცა სადმე მიდიხარ, მისამართი კარგად უნდა შეამოწმოო, გამიღიმა, ბეჭედი ხელში ჩამიდო და კარს უკან გაუჩინარდა.