ვის რა ხელოვნების ნიმუში უნდა ჰქონდეს კაბინეტში - კვირის პალიტრა

ვის რა ხელოვნების ნიმუში უნდა ჰქონდეს კაბინეტში

ალბათ, ყველა ჩინოსანს სურს, საკუთარ კაბინეტში ჰქონდეს ხელოვნების ძვირად ღირებული ნიმუშის ორიგინალი, რომლითაც თავს მოიწონებს. რა თქმა უნდა, ეს მის გემოვნებაზე მეტყველებს, თუმცა ვფიქრობთ, ჩვენი ჩინოსნების შემთხვევაში ამ ნიმუშებს სხვა ფუნქციაც შეიძლება დაეკისროს. ასე, მაგალითად:

მიხეილ სააკაშვილს კაბინეტში უნდა ჰქონდეს ვენერა მილოსელის ქანდაკება, რომელიც შეახსენებს, რომ თურქეთში ვიზიტისას ფრთხილად უნდა იყოს.

ბიძინა ივანიშვილს თუ არა აქვს, სასურველია, ჰქონდეს ,,მონა ლიზა". შეხედავს და მიხვდება, რომ მის მოყოლილ ანეკდოტებზე უფრო მეტად გაღიმება შეუძლებელია.

არჩილ კბილაშვილს უნდა ჰქონდეს ფიროსმანის "მეთევზე". შეხედავს და მიხვდება, რომ დასაჭერი უნდა დაიჭირო.

გიგი უგულავას უნდა ჰქონდეს რუბენსის ცნობილი ,,ქალები" - იქნებ აღარ წავიდეს სტრიპტიზ-ბარებში და ბიუჯეტიც დაზოგოს.

გუბაზ სანიკიძეს უნდა ჰქონდეს სალვადორ დალის ,,საათები" - შეახსენებს, რომ ჯერ ძილის დრო არ არის.

გია ხუხაშვილს უნდა ჰქონდეს მალევიჩის ,,შავი კვადრატი" - ალბათ, ახსნა არ სჭირდება, რატომ.

ვანო მერაბიშვილს - სფინქსის ქანდაკება. როცა შეხედავს, იმედი მიეცემა, რომ ოდესმე დაბრუნდება მთავრობაში.

კახი კალაძეს უნდა ჰქონდეს დავით კაკაბაძის ,,იმერეთი". ალბათ, იკითხავთ, რა შუაშია ეს ნახატი კალაძესთანო. ხო მაგრამ, თვითონ კალაძე რა შუაში იყო ენერგეტიკასთან?

ხათუნა გოგორიშვილს, მიხეილ მაჭავარიანსა და გიგი წერეთელს ხელოვნების ნიმუში არ ვიცი, მაგრამ დიდ პლაკატზე დაწერილი გ=3,14 ნამდვილად უნდა ჰქონდეთ. კაბინეტებში ისიც მუდმივაა და ესენიც.

თემურ ქეცბაიას შივას ქანდაკება უნდა ჰქონდეს. შეხედავს და იოცნებებს: ნეტავ ასეთი ადამიანი ჩამაყენებინა ნაკრების კარში, სულ 0:0-ს მაინც ვითამაშებდითო...