ოშმ! - კვირის პალიტრა

ოშმ!

ეს ამბავი ჩემს ბიძაშვილს, რამაზ ბ-ძეს შეემთხვა. სოფელში რომ საკმარისი სარჩო ვერ მოიპოვა, თავისი დიდი ოჯახის გამოსაკვებად (ოთხი შვილი ჰყავს) გადაწყვიტა სამუშაოდ თბილისში წამოსულიყო. კარგი ხელოსანია და იფიქრა, ქალაქში მეტ ფულს ვიშოვიო, თან მისი მეგობარი, გურამი უკვე კარგა ხანია აქ მუშაობს და ბლომად ფულსაც შოულობს. დაურეკა გურამს და თავისი გადაწყვეტილება აუწყა. მეგობარი დაჰპირდა სამუშაოზე მოწყობას და ჩვენმა რამაზმაც თბილისისკენ გამოსწია. მეგობრების შეხვედრა მეტრო "რუსთაველთან" უნდა შემდგარიყო. რამაზი დროზე ადრე მივიდა, გაზეთი ""სიტყვა და საქმე"" იყიდა (ვაკანსიებს გადავხედავო) და იქვე სკამზე ჩამოჯდა. ცოტა ხანში გვერდით სასიამოვნო გარეგნობის 50 წლამდე მანდილოსანი მიუჯდა და აქ დაიწყო მთავარი:

- ეული-47, - ჩაიჩურჩულა ქალმა. რამაზმა კი გაიგონა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია.

- თქვენ ალბათ ხათრიანი ამიგო ხართ...

- მე მეუბნებით, ქალბატონო? - დაიბნა რამაზი.

- ოშმ-ისთვის (ოჯახის შექმნის მიზნით) არა? - არ ცხრებოდა ქალი.

ახლა მთლად დაიკარგა ჩვენი გმირი, რას გაუგებ ამ ქალაქელებსო, - გაიფიქრა, ოშმ თავისებურად "გადათარგმნა". ალბათ მოვეწონე, ცოტას გავერთობი, რას გაიგებს ჩემი ლამარაო და:

- კი, ოშმ-ისთვისო, - დაეთანხმა, - მაგრამ  ოშმ სად ქალბატონო? - ჰკითხა გაკვირვებულმა.

- მთავარია ურთიერთგაგება და ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, სად,- გაუღიმა ეული-47-მა.

- არა, აქ არა, ნაცნობმა რომ დამინახოს და ჩემს ცოლს უთხრას, გადაირევა.

- რაო? - შეიცხადა ქალმა, - თქვენ ცოლი გყავთ?

- ცოლი რავა არ მყავს, მარა ოშმ რა პრობლემაა! - გაუკვირდა რამაზს.

- თქვენ მე ვინ გგონივართ?!  ხომ ვამბობდი, უნდა გაწყდეს კაცების სინსილა! - იკივლა ქალმა და იქაურობას გაეცალა. რამაზი კი მეგობრის მოსვლამდე გაოგნებული იჯდა და პირველი, რაც გურამს უთხრა, იყო, - ოშმ რა არისო?

გიორგი ბაღდავაძე, ბოლნისი