ჭამა და პოლიტიკა - კვირის პალიტრა

ჭამა და პოლიტიკა

პოლიტიკოსებს უამრავ რამეს ადარებენ, ათასი სალანძღავი და ხანდახან საქებარი სიტყვითაც კი მოიხსენიებენ. ჩვენც არაერთხელ შეგვიდარებია პოლიტიკოსები სხვადასხვა საგნისა თუ ხელოვნების ნიმუშისთვის... ამას წინათ ქორწილში ვიყავით და გადავწყვიტეთ პოლიტიკოსები შეგვედარებინა ქართული სუფრისთვის. ვნახოთ, რა გამოგვივიდა.

ბიძინა - მწვადი. კაცი, ქალი, ბავშვი - თითო ნაჭრის გადაღებაზე უარს არავინ ამბობს.

მიშა - ნიგვზიანი მხალი. თავიდან შეიძლება ცოტა შეჭამო, მაგრამ მწვადი რომ შემოვა, მერე ხელს არავინ აკარებს.

გია ხუხაშვილი - გაზქურა. სუფრაზე არ ჩანს, მაგრამ ყველა საჭმელი მასზე მზადდება.

უსუფაშვილ-ხიდაშელი - ღომი და ყველი. ჭამა ცალ-ცალკეც შეიძლება, მაგრამ ერთად უკეთესია.

კალაძე - ვერმიშელის სუპი. საჭმელი კია, მაგრამ ქორწილის სუფრაზე რა უნდა, კაციშვილი ვერ ხვდება.

მერაბიშვილი - ხინკლის ჭიპი. გარედან ყველაფერს შემოაჭამენ და რატომღაც მას დატოვებენ ხოლმე.

ბოკერია-ახალაია - კატლეტი და ქაბაბი. შემადგენლობა ერთნაირი აქვთ, მაგრამ ფორმა აქვთ სხვადასხვა.

ალასანია - თეფში. სუფთა რომ იყო, ყველას მოსწონდა, მაგრამ ძვლებით რომ ივსება, მომსახურე პერსონალი მოდის და ცვლის.

გუბაზი - ხაჭოიანი სულგუნი. ისე დამთავრდება ქორწილი, არც არავინ იკითხავს, იყო თუ არა...

წერეთელი, მაჭავარიანი და გოგორიშვილი - ხონჩა. დღევანდელ თამადებს შეიძლება არ მოსწონთ, მაგრამ ტრადიციაა და მაინც მოაქვთ.

კბილაშვილი - აჯიკა. რომ შეჭამ, ცოტათი პირს დაგწვავს, მაგრამ ლიმონათს მიაყოლებ და გაგივლის.

წულუკიანი - ხიზილალა. სუფრაზე ცოტაა, მაგრამ ყველაზე ძვირი ღირს.

ხადური - კუპატი. რა ვიცით, მაგრად კი ჰგავს და...

უგულავა - საპატარძლო ტორტი. ქორწილის დღეს შეიძლება არა, მაგრამ მეორე დღეს უეჭველად შეიჭმება.