სააღდგომო კურიოზი - კვირის პალიტრა

სააღდგომო კურიოზი

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა. ჩემს სოფელში ერთი ენაკვიმატი ახალგაზრდა კაცი ცხოვრობდა, სახელად მურთაზი. მურთაზი ქალაქში ცხოვრობდა და სოფელში იშვიათად ჩამოდიოდა ბებიის სანახავად. ერთხელ სააღდგომოდ ჩამოვიდა. გაუხარდა ბებიას, წელს მაინც გახვალ ბაბუაშენის საფლავზე, ბავშვობის მერე არ ყოფილხარო. მურთაზმა, რა თქმა უნდა, მაგისთვის ჩამოვედი, წინაპრის ხსოვნის წინაშე ვალი უნდა მოვიხადოო და მეზობლებთან ერთად აღდგომის მეორე დღეს სოფლის ბოლოში სასაფლაოზე წავიდა. ბებიამისმა წესისამებრ წითელი კვერცხი, პასქა და ღვინო გაატანა. სამეზობლოს ერთი დიდი მაგიდა გვქონდა გაკეთებული დიდი მუხის ქვეშ, სადაც ერთად ვიკრიბებოდით, როცა საფლავებს მოვივლიდით, და ვსვამდით. მურთაზი ცოტა მოგვიანებით მოვიდა. ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, არ გვეთქვა, სად იყო ბაბუამისის საფლავი, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ თვითონ არ იცოდა. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა - რამდენიმე საფლავს თვალი მოავლო და როცა მიხვდა, ტყუილად წვალობდა, მოშორებით ერთ-ერთ საფლავთან მივიდა, ორი ცალი კვერცხი ამოიღო, საფლავზე გადააგორა და თქვა: თუ ბაბუაჩემი ხარ, ორივე გქონდეს, თუ არა და, ერთი დაიტოვე და ერთი ბაბუაჩემს მიეციო. აი, ასეთი გამოსავალი იპოვა მოხერხებულმა მურთაზმა.