აბა, ხმა რომ მოგეცი?! - კვირის პალიტრა

აბა, ხმა რომ მოგეცი?!

მოდი, ეს სტატია ანეკდოტით დავიწყოთ:

ტყეში გზააბნეულ კაცს, რომელსაც ძალიან სწყურია, შემთხვევით ხვდება ვიღაც ღვთისნიერი და ლუდს ასმევს. დალევს ეს კაცი ლუდს, სულს მოითქვამს და მშველელს ეუბნება, მე მილიონერი ვარ და რაც გინდა, მთხოვეო. შვილების უმაღლესში მოწყობაში დამეხმარეო, სთხოვს ლუდის პატრონი. კარგიო, უპასუხებს მილიონერი. სახლიც ამიშენეო. კი ბატონოო. ბოლოს - "მერსედესი" მინდა, შავიო. აუჰ, ეს რა თქვი, კაცო, რა ვქნა, შავი არ მყავს და სხვა რა ფერიც გინდა, მთხოვეო, - შეწუხდა ნაშველი. რა ვიცი, ჩემს ლუდს კარგად ყლურწავდიო! - გაუბრაზდა, ლუდის გარდა რომ არაფერი ებადა, ის კაცი, მილიონერს.

ზოგიერთი ქართველისთვის ასეა პოლიტიკაც. ხმა ხომ მოგეცი, ახლა გამიკეთე ყველაფერი, რაც მინდა, თორემ გავბრაზდები და სხვას მივცემ ხმასო! ეს ხალხი ასეთი იყო ყველა მთავრობის დროს, უბრალოდ, მოთხოვნები ჰქონდათ დროის შესაბამისი. როგორი მოთხოვნები შეიძლება დააყენონ ასეთმა ადამიანებმა დღეს?

1. რომ დამიხანი, დამითესე, სასუქი მომეცი და მოსავალი მოვიდა, სახლში მიტანა და დაბინავება არ უნდა იმ მოსავალს?

2. ბენზინი რომ გაიაფდა, რა ჯანდაბად მინდა? მანქანა მყავს? ჯერ მანქანა მიყიდე და მერე გადაგიხდი მადლობას!

3. წიგნები რომ უფასოდ დაარიგე, კი ბატონო, აიღო ჩემმა შვილმა და მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ხელით ატაროს სკოლაში? ჩანთა არ უნდა?

4. საყოველთაო დაზღვევა რომ მოიფიქრეთ, ოპერაციის ფული რომ არ მქონდა, ჩემს სიდედრს უფასოდ რომ გაუკეთეთ ყველაფერი და რომ გადარჩა, წაიყვანე ახლა, ჩემო სერგეენკო, და დაისვი სახლში, ნახე, ერთი, როგორია.

5. ეს ახალი ინიციატივა რომ დაგვაფრქვია თავზე, ფონდი რომ დააარსა ინვესტორებისთვის, ჩადეთ თანხის 25% და 75%-ს ფონდი დაგიფინანსებთო, 25 პროცენტი სად ვიშოვო, ხომ ვერ მეტყვით?

6. კი გამათავისუფლეთ მე, ბიზნესმენი, წინა მთავრობის წნეხისგან და ამოვისუნთქე, მაგრამ ყოველი თვის ბოლოს საგადასახადოს კაცი რომ მოდის და ბიუჯეტში ფულის შეტანას მთხოვს, ეგ არის თქვენი პირობა?

7. სიგარეტის გაძვირებას აპირებენო! რა ვქნა მე, დავანებო თავი სიგარეტის მოწევას? აბა, ჭამის მერე რა ვაკეთო ბირჟაზე? ან კიდევ, დალევა იკრძალებაო, რომ ამბობენ, საბერძნეთიდან ცოლის გამოგზავნილი ფულით რა ვაკეთო, აბა?

8. თქვე კაი ადამიანებო, ცხრა წელი რომ ტენდერებს მთავრობის ძმაკაცები იგებდნენ, ახლა ჩემი კაცი მოვიდა მთავრობაში და რომ აკრძალეთ ამ ტენდერების ახლობლობით მოგება, მოგეცადათ ცოტა ხანს.