ნელა წადი! - კვირის პალიტრა

ნელა წადი!

სააღდგომოდ, როგორც ყველამ, მეც გადავწყვიტე სოფელში გამგზავრება. დიდუბის ავტოსადგურში მივედი თუ არა, შემომესივნენ მძღოლები: "ქუთაისი, ორი კაციც და, გავდივართ" ძახილით. ბილეთი შევიძინე და ერთ-ერთ მიკროავტობუსში მოვკალათდი. რამდენიმე წუთში ჩვენი ,,მარშრუტკა" დასავლეთისკენ დაიძრა. ჩემ გვერდით ერთი შუახნის მამაკაცი იჯდა, საუბარი გამიბა და მისი ენაკვიმატობით მივხვდი, ნამდვილი ქუთაისელი იყო. გორთან ახლოს ჩვენმა ,,მარშრუტკამ", რომელიც ძალიან ჩქარა მიდიოდა, საშიში მანევრი გააკეთა, მგზავრები სამართლიანად შეშფოთდნენ, ჩემ გვერდით მჯდომმა კი სრულიად სერიოზული სახით უთხრა მძღოლს:

- კაცური კაცი, მომისმინე, სოფელში მივდივარ, კვერცხი მიმაქვს, ბაბუაჩემის საფლავზე უნდა გადავაგორო, პირადად კი არ მინდა მივცე, ნელა წადი, თუ ძმა ხარ!

სალონში ისეთი ხარხარი ატყდა, მძღოლმა მანქანა გააჩერა.

ზ. ცაგარეიშვილი, თბილისი.