უცხოელთათვის
13-05-2013
უცხოელთათვის
ზაფხული ახლოვდება და დღითი დღე იზრდება ჩვენს ქვეყანაში ჩამომსვლელ უცხოელ ტურისტთა რიცხვი. ინტერნეტსაიტებზე თუ კატალოგებში საქართველო ისეა წარმოჩენილი, რომ გასაკვირი არ არის სტუმართა მატება, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ კატალოგებში ისეთი რამეებიც უნდა ჩავწეროთ, რაც უცხოელმა უნდა გაითვალისწინოს, რადგან ეს ჩვენი სამშობლოა და "კანონებიც" ჩვენებური გვაქვს.

მაშ ასე, ჩვენს ქვეყანაში ჩამომსვლელმა უცხოელმა უნდა იცოდეს, რომ:


ქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა თუ სურს, ჩანთაში აირწინაღი უნდა იქონიოს.
თუ სუპერმარკეტებში სიარული არ უყვარს და
ბაზარში ნატურალური პროდუქტის ყიდვა მოუნდა, 5 კგ-ის ნაცვლად 6 კგ უნდა შეიძინოს, რომ ხუთი დარჩეს.

ტაქსიში რომ ჩაჯდება და გაღიმებას ვინ
დაეძებს, მძღოლი სალამსაც თუ არ ეტყვის, უნდა გაუგოს, რადგან მას ორი დიპლომი აქვს და სამსახური რომ ვერ იშოვა, იმიტომაც დაიწყო ტაქსისტობა.
რესტორნებთან ბევრი ჯიპი და უმაღლესი კლასის მანქანა თუ შენიშნეთ, არ გაგიკვირდეთ. მოქეიფე ხალხი ვართ, აბა, სად დაგვეხარჯა გრანტები და დახმარებები?
უნდა იცოდეთ, რომ საქართველო პოეტების ქვეყანაა, ამიტომ არ გაგიკვირდეთ მეტროებსა თუ ავტობუსებში წარწერები.
ახალგაზრდა ტურისტებს შესაძლებელია ვაცნობოთ, რომ მათი ბაბუების დროს ქართველებს გვყავდა დიდი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე. სტადიონიც მისი ხსოვნის პატივსაცემად გვაქვს, თორემ ბოლო 20 წელია საჭირო აღარაა.

ავლაბარში სასახლესთან თუ მოხვდებით და ძალიან მოგეწონათ, უნდა იცოდეთ, რომ მიუხედავად არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობისა, ეს ბრწყინვალე შენობა პრეზიდენტს მადლიერმა ქართველმა ხალხმა აუშენა.

ტელევიზორს თუ ჩართავთ და "რუსთავი 2"-ს უყურებთ, წამყვანების სახეების არ შეგეშინდეთ, უბრალოდ, არჩევნების ბრალია, თორემ განა რამე სჭირთ.
მტკვარში თევზაობა თუ მოგინდათ, უნდა იცოდეთ, რომ ყოველი ორი თავი თევზის დაჭერის შემდეგ, მინიმუმ ერთ კოკა-კოლას ან ლუდის ბოთლს დაიჭერთ.
და ბოლოს, თუ ნახავთ, რომ პრეზიდენტი მთავრობას ლანძღავს, უნდა იცოდეთ, რომ პრეზიდენტი ოპოზიციაშია და შეგიძლიათ დემოკრატიის მაგალითი ჩვენგან გადაიღოთ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით