ნეკროლოგი - კვირის პალიტრა

ნეკროლოგი

ეს ამბავი იმერეთის ერთ სოფელში მოხდა. ჩემს მეგობარს, ლადო ბ-ძეს გარდაეცვალა სიდედრი. რა თქმა უნდა, მაშინვე გაეშურა სოფელში და დაკრძალვის სამზადისში ჩაერთო. ძალიან გულისხმიერი ბიჭი იყო ლადო, ამიტომაც სიმამრმა მთლიანად მას მიანდო საქმე. მეორე დღეს ლადო ქუთაისში მიდიოდა ქელეხისთვის სურსათის შესაძენად. სიმამრმა გვერდით გაიყვანა და სთხოვა, ტელეკომპანია "რიონში" მისულიყო და განცხადება დაეტოვებინა, თან ცოლის სურათიც გაატანა.

ლადომ ბაზარი მოიარა და ტელევიზიაში მივიდა. ტელევიზიის თანამშრომელმა სურათი და ნეკროლოგის ტექსტი ჩაიბარა და თანხის გადახდის დროც დადგა. გოგონამ ჰკითხა, რამდენი დღე გნებავთ, ეთერში რომ გავიდესო. ლადო დაიბნა - ახლავე გავარკვევო და სიმამრს დაურეკა:

- ვლადიმეროვიჩ, ტელევიზიაში ვარ, რამდენი დღე გამოვაცხადოთ?

- რამდენი დღე უნდა აცხადო, კაცო, - გაბრაზდა სიმამრი, - კი არ ვეძებ... დაკრძალვამდე გამოაცხადებინე!

გ. ჯიბლაძე. თბილისი