"მიაქიმე, მოდი სანახავადა..." - კვირის პალიტრა

"მიაქიმე, მოდი სანახავადა..."

-თქვენი აზრით, რა უნდა გჭირდეთ? - დაფიქრებული მზერით მკითხა ექიმმა, როცა პირი გამაღებინა და ააა" დამაძახებინა.

- რაზე მეკითხებით? - გავიკვირვე.

- რაზე და ირანის საგარეო პოლიტიკაზე, - დამცინა ექიმმა, - თქვენს დიაგნოზს ვგულისხმობ.

- ააა!!! - გასინჯვის გარეშე აღმომხდა მე, - მგონი ყელი მაქვს გაცივებული.

- რა თქმა უნდა, - გაუხარდა ექიმს, ყელი გექნება გაცივებული. აბა, შენ იცი, გაუფრთხილდი ყელს და წამლები დალიე.

- რომელი წამლები? - ვკითხე გაუბედავად.

- რომელი და ყელის წამლები, - არ დაიბნა ექიმი.

- გმადლობ, ექიმო, - ვთქვი და ჯიბეში 20-ლარიანი ჩავუცურე.

გავიდა ორი დღე და რატომღაც, ისევ ცუდად გავხდი. მივედი ისევ იმ ექიმთან.

- ოოო, ყელმტკივანს გაუმარჯოს, - მსწრაფლ გამიშინაურდა ექიმი და სკამისკენ მიმითითა.

- ექიმო, ისევ ცუდად ვარ, - ავწუწუნდი.

- ამ მთავრობის ხელში აბა როგორ იქნები? - პოლიტიკური დიაგნოზი დამისვა.

- ეგ ჰო, მაგრამ მახველებს, - ვთქვი სუსტი ხმით.

- როგორ გახველებს? - იჭვნეულად მკითხა ექიმმა.

- როგორ და ასე, - აღვნიშნე და გულიანად დავახველე.

- ოჰო, სიგარეტს ეწევი ხომ? - მიყვირა მან.

- არა, ბატონო!

- აბა, რატომ გახველებს? - გაუკვირდა ჰიპოკრატეს ფიცდადებულს და ნიშნის მოგებით შემომხედა.

- მიშველეთ, ექიმო, - დავიკვნესე მე და მეტი დამაჯერებლობისთვის სამჯერ სხვადასხვა ინტერპრეტაციით დავახველე.

- მგონი, ფილტვების ანთება გაქვს, - მითხრა მან, როცა გასინჯვა დაამთავრა.

- რა იცით? - ვკითხე დაეჭვებულმა.

- კუჭი გტკივა?

- არა.

- ესე იგი, კუჭი გამოირიცხა, ჰოდა, რა დარჩა? ფი... ფი...

- ლტვი, - დავასრულე მე.

- სწორია, - თქვა გახარებულმა ექიმმა, - ახლა ხომ იცი, რა უნდა ქნა?

- ფილტვების წამალი უნდა დავლიო, - არ ჩავიჭერი.

- ყოჩაღ! - შემაქო და ლოყაზე ხელი მომითათუნა.

გავიდა ხანი, რა თქმა უნდა, ტკივილმა ისევ შემაწუხა და რა თქმა უნდა, ისევ იმავე ექიმთან მივედი.

- შენ, კაცო, ხომ არ შეგიყვარდი? - გამიბრაზდა ექიმი.

- ღამეები არ მძინავს, ექიმო, ცუდად ვარ. მგონი, ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი.

- კიდევ რა გინდა? - დამცინა.

- ყველაფერს ვხვდები, სულელი არ გეგონოთ, ექიმო, რამდენი დამრჩა?

- ოოო, ბევრი არა, 8 ლარი გაქვს დასამატებელი, - მიმიხვდა ექიმი.

- არა, სიცოცხლე რამდენი დამრჩა? - ამოვილუღლუღე ცრემლმორეულმა.

- შენ მე ლელა კაკულია ხომ არ გგონივარ? საიდან უნდა ვიცოდე? - გაბრაზდა ექიმი.

- რა უნდა ვქნა?

- მოიცა, წამლებს გამოგიწერ, - თქვა და ტელეფონზე დარეკა, - ალო, ლია, მომისმინე, ჩემო სიცოცხლევ, რა ხდება აფთიაქში? ხო... ხო... რომელი წამლები ჩაწვა? გასაგებია. ახლა შენთან ერთ კაცს გამოვუშვებ და მიეცი ეგ წამლები. კარგი, გკოცნიიი...

ექიმმა ყურმილი დაკიდა, შემდეგ სოკრატე რომ ნადიმზე პლატონს უყურებდა, ისე შემომხედა და დაიწყო:

- ახლა მე შენ დაგიწერ წამლებს, მერე ქვევით ჩახვალ, გზის მეორე მხარეს გადახვალ, ჩაყოლებაზე შეგხვდება აფთიაქი "მოგეშველებით", იმ აფთიაქში არ შეხვიდე, ძვირად ყიდიან, გაცდები და იქვე დაინახავ მეორე აფთიაქს "მოდი, ნახე, გადარჩი", შეხვალ იქ და იყიდი აი, ამ წამლებს! - მომაწოდა რეცეპტი ექიმმა და დამადლებულად შემომღიმა.

- დღეში რამდენჯერ დავლიო, ექიმო? - ვკითხე მე.

- რამდენჯერაც შეძლებ, - მიპასუხა მან.

ორი კვირა ვსვი ექიმის გამოწერილი წამლები. მეთხუთმეტე დღეს რეანიმაციაში აღმოვჩნდი. ჩემმა მკურნალმა ექიმმა ახალი ნაყიდი "მერსედესით" მომაკითხა და შუბლზე ხელი გადამისვა.

- რა დაგიშავეთ, ექიმო? - ძლივს შევეკითხე.

- ნუ გეშინია, გადარჩები, - დამამშვიდა მან.

- თქვენ რა იცით?

- ახლა სხვა ექიმი გმკურნალობთ, - მითხრა და პალატიდან გავიდა. მალე ოთახში ახალი ექიმი შემოვიდა, პირი გამაღებინა, ააა"  დამაძახებინა და მკითხა:

- თქვენი აზრით, რა უნდა გჭირდეთ?

ეგ იყო და ეგ, პირი ღია დამრჩა, სამაგიეროდ, თვალები დამეხუჭა.