საიდან იცოდა? - კვირის პალიტრა

საიდან იცოდა?

ეს ამბავი ჩემს მეგობარ გაგას შეემთხვა. რამდენიმე წლის წინ ის და მისი მეგობარი რუსეთში წავიდნენ სამუშაოდ. გაგა მშრომელი, პატიოსანი კაცია, თითქმის მთელი ცხოვრება ტყიბულის რაიონში ცხოვრობდა, ამიტომ როცა მოსკოვში ჩავიდა, ცოტა დაიბნა. ერთხელაც ის და მისი მეგობარი რესტორანში შევიდნენ, ცოტა დალიეს და როგორც ყველა ქართველს, მთელი მოსკოვი თავისი ეგონათ. სახლში წასვლის დრომ რომ მოაწია, გაგამ დაიჟინა, ტაქსით უნდა წავიდეთ, თუ "გულავია, გულავი იყოსო". გააჩერეს ტაქსი, თანხაზე შეუთანხმდნენ და ჩასხდნენ. ტაქსის მძღოლი ზორბა რუსი იყო, პირქუში. გაგამ და მისმა მეგობარმა ერთხანს იმღერეს, მერე იცინეს, მაგრამ ტაქსის მძღოლი ვერაფრით აიყოლიეს. ბოლოს გაგამ ვერ მოითმინა და -  რა პრატივნი როჟაა ეს ტაქსის შოფერიო, მეგობარს გადაულაპარაკა. სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მძღოლმა მანქანა გააჩერა, ჩვენი გაგა ძირს ჩამოაგდო და რამდენჯერმე კარგად უთავაზა. არც ამათ დააკლეს ხელი, მაგრამ სასაცილო ის იყო, რომ გაგა ძალიან გაკვირვებული დარჩა, იმ რუსმა ქართული საიდან იცოდა, როგორ მიხვდა, რა ვთქვიო. არადა მის ნათქვამში მხოლოდ "ეს" იყო ქართული სიტყვა.

გოგა ძაგნიძე, ქუთაისი