რამდენიმე ხუმრობა პროფესიებზე - კვირის პალიტრა

რამდენიმე ხუმრობა პროფესიებზე

ავიღოთ ოთხი პროფესია: ფეხბურთელი, პოლიტიკოსი, ეკონომისტი და ტაქსის მძღოლი.

კარგად თუ დავაკვირდებით:

კრიტიკის კრიტიკა

პოლიტიკოსმა, ტაქსის მძღოლმა, ეკონომისტმა - კარგად იციან ფეხბურთი; ისინი რომ მწვრთნელებად დანიშნო, ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

ფეხბურთელმა, ეკონომისტმა, ტაქსის მძღოლმა - კარგად იციან პოლიტიკა, ისინი რომ ქვეყნის სათავეში იყვნენ, შევიდოდით ნატოში და დავიბრუნებდით ტერიტორიებს.

პოლიტიკოსმა, ეკონომისტმა და ფეხბურთელმა - რა თქმა უნდა, იციან მანქანის მართვა. ისინი რომ ტაქსის მძღოლები იყვნენ, ყველა ქუჩა ეცოდინებოდათ და ძვირსაც არ მოითხოვდნენ.

ფეხბურთელმა, პოლიტიკოსმა და ტაქსის მძღოლმა - იციან ეკონომიკა, ისინი რომ იყვნენ ეკონომიკის სათავეში, მალე ამერიკასა და იაპონიას გავასწრებდით.

მაგრამ უბედურება ისაა, რომ:

ეკონომისტმა არ იცის ეკონომიკა;

ფეხბურთელმა - ფეხბურთი;

პოლიტიკოსმა - პოლიტიკა;

ტაქსის მძღოლმა - მანქანის მართვა.

რამდენიმე სიტყვის განმარტება საქართველოში

ლიბერალი - მღვდლის შემგინებელი.

კონსერვატორი - ლიბერალის შემგინებელი.

პრეზიდენტი -  ქართველი ტურისტი უცხოეთში.

პრემიერი - კაცი, რომელმაც დიდ შარში გაყო თავი.

თბილისის მერი - ადამიანი, რომელიც ყველაზე ყურადღებით აკვირდება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს.

პარლამენტარი - ქუთაისური რესტორნული ბიზნესის ამყვავებელი.

ფეხბურთელი - მინდორზე მორბენალი თეთრ ან წითელმაისურიანი ადამიანი.

მოსამართლე - კაცი, რომელსაც ეუხერხულება აზრის გამოხატვა.

პროკურორი - კაცი, რომელიც ცოლსაც კი ვერ უმტკიცებს, რომ ღამით სამსახურში იყო და არა - საყვარელთან.

ექიმი - ადამიანი, რომელიც თან გტკენს, თან ფულს გართმევს.