"ნაციონალური მოძრაობის" დაკრძალვა - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის" დაკრძალვა

ამას წინათ იმერეთში ვიყავით მეგობრის ბაბუის დაკრძალვაზე. ის დრო იყო, მერაბიშვილი რომ დაიჭირეს და, რა თქმა უნდა, ხალხი ამაზე უფრო მეტს საუბრობდა, ვიდრე გარდაცვლილზე. უმრავლესობა ამბობდა, "ნაციონალური მოძრაობის" აღსასრული დგებაო. ჰოდა, იქ მყოფთა საუბარს რომ დავაკვირდით, წარმოვიდგინეთ, როგორი იქნება "ნაციონალური მოძრაობის" დაკრძალვა.

მაშ ასე, გარდაიცვალა "ნაციონალური მოძრაობა".

ვნახოთ, რა ხდება დაკრძალვაზე, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა ტრიალებს:

შედიხარ ეზოში, სადაც უამრავი ხალხი ირევა. ადიხარ მეორე სართულზე, შედიხარ ოთახში, სადაც გამჭვირვალე კუბოში ასვენია "ნაციონალური მოძრაობა", ხედავ ჭირისუფლებს: "რუსთავი 2"-ს, რამდენიმე არასამთავრობოს და უბრალოდ, პარტიის მოყვარულ და ერთგულ ადამიანებს. დაგინახავს ერთ-ერთი მომკივანი და იწყებს:

- ადექიიიი! ადექი და ახლა გაიკეთე პიარი, როგორც იცოდი, ბიჭოოო! შეხედე, რამდენი ხალხი მოვიდა, მიდი და დაშალე შენებურად, შენ გენაცვალეეე!

შემდეგ გამოდიხარ გარეთ, ჩადიხარ ეზოში და ჩრდილს შეფარებულ ხალხს უერთდები. იქ კი ასეთი დიალოგი გესმის:

- რა დაემართა საწყალს?

- რა ვიცი, 30 სექტემბერს კარგად იყო, იცინოდა. მერე წასულა დასაძინებლად და დილის 9-ზე მესმის "კურიერის" კივილი... გათავებულა, საწყალი.

- არ შეისმინა არავისი, საცოდავმა... აწიოკებდა ბიზნესს მაინც, ხომ?

- უჰ, აბა რას შვრებოდა... აუკრძალა დასავლეთმა, მაგრამ გაიგონა? გაძვრებოდა ჩუმად და აწიოკებდა.

- ჰოდა, მაგან უქნა სწორედ!

- ეჰ, ბოლო დროს ბევრი იწვალა... დაისვენა, საწყალმა!

- აბა... სად არ იყო, საცოდავი, როგორ არ იმკურნალა, მაგრამ ის ბიძინა რომ მოგისწრებს, წასულია შენი საქმე!

ცოტა მოშორებით ერთმანეთს ხვდებიან ევროპელი დემოკრატები და ქრისტიან-დემოკრატები:

- სად დაიკარგე, შე კაცო. მაინცდამაინც ამისთანა ადგილზე უნდა შევხვდეთ ერთმანეთს?

- ეჰ, ვერ დაგვემართა კაი ამბავი! თვითონ ხომ დაიღუპა თავი და ჩვენც დაგვღუპა!

დაკრძალვაზე არიან ისეთებიც, რომელთაც დიდად არ ანაღვლებთ მომხდარი და იქაც გამორჩენაზე ფიქრობენ:

- გოგო, შეხედე ეგერ, ხის ქვეშ ბიჭი რომ დგას. ყოფილი "ნაციონალია", ჩემი ფრაქციისთვის მინდა და რას იტყვი, ხომ არ დამიწუნებს?

- კარგი ბიჭი ჩანს. არ უნდა თქვას უარი. რა სჭირს შენს ფრაქციას მაგის დასაწუნი?

არიან გაბრაზებულებიც:

- რა წესია ახლა ეს? აგერ, მესამე სახლში "ქართული ოცნება" ქეიფობს. მოგუდულად მაინც იმღერონ, სირცხვილია. კი, მართალია, არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მაინც უნდა ეცლიათ დაკრძალვა! მაგათი ბრალია ამის სიკვდილი!

- კაი, გაჩერდი, არ გაიგონოს ვინმემ.

- ოჰ, თორემ არ იციან, ვინ მოკლა!

რამდენიმე დაბნეული კაციც ჩანს:

- ფულის ჩაწერა სად არის?

- უკნიდან შემოუარე... ისე, კი არ უნდოდა ფულის აღება ჭირისუფალს, მაგრამ პატარები დარჩა და რა ექნა?

კიბესთან მთვრალი "თავისუფლების ინსტიტუტელი" ბარბაცებს და გვერდით მყოფი ეხუმრება:

- მესამედ რომ შედიხარ,  მკვდრის ხამი ხარ?

ამ დროს ეზოში "იმედი" შემოდის. წითელი ტანსაცმელი აცვია:

- ერთი ამას შეხედეთ! შავიც არ ჩაუცვამს... ეჰ... ვინც მოკვდება, იმან იკითხოს, თორემ...

მოგვიანებით ჭირისუფალი სახლიდან გამოჰყავთ. გაისმის განწირული კივილი:

- ლაზიკას მაინც მოსწრებოდი, ბიჭოოო!!!! სად მიდიხარ, ბიჭოოო! ნუ გეშინია, ბიჭო, იქ "მოქალაქეთა კავშირი" დაგხვდება და მოგივლის, შენ გენაცვალეეეე...

ვიღაცები ხელს ჰკიდებენ "რუსთავი 2"-ს და ტირილით ეუბნებიან:

- კაი, ახლა, ნუ მოიკლავ თავს. ხომ იცი, მიცვალებულს პატრონობა სჭირდება!!!

ამის შემდეგ, როგორც წესია, ისე ხდება ყველაფერი. მის ნაჯდომ სკამებს წააქცევენ, ოთხი ძალოვანი მხრებზე შეიდებს, ავლაბრის რეზიდენციას სამჯერ შემოუვლიან და პოლიტიკურ სასაფლაოზე დაასვენებენ:

- ჩააყოლეთ, რაც საჭიროა?

- კი. მაკრატელი და ლენტიც ჩავდეთ, უყვარდა, საწყალს.

- კარგად დააჭედეთ სახურავი!

- დავაჭედო, თორემ ერთბაშად არ ამოხტეს!..

რესტორანთან, სადაც ქელეხის სუფრაა გაშლილი, სასაფლაოდან დაბრუნებულ სტუმრებს ხელს შადრევნით აბანინებენ. მერე კი უმრავლესობას მიცვალებული აღარც ახსოვს, ერთი-ორი სიმღერასაც ბედავს...

- არაფერი არ ყოფილა ცხოვრება, დღეს ხარ, ხვალ აღარ ხარ, - ამოიოხრებს ვინმე.

ეგ არის და ეგ.