ავარია გურიაში - კვირის პალიტრა

ავარია გურიაში

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა. ჩემი მეზობლები - ბაბუა, შვილი და შვილიშვილი მანქანით სტუმრად წავიდნენ გურიაში. სამივე ერთმანეთს ძალიან ჰგავს. სამივეს მოზრდილი ცხვირი აქვს. მოკლედ, უკან რომ ბრუნდებოდნენ, შვილიშვილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ერთ-ერთი გურულის ეზოში შევარდა. საბედნიეროდ, არც ერთი არ დაშავებულა, აი, გურულის ღობე კი გვარიანად გაფუჭდა.

- რახან გადავრჩით, ამ ღობეს ჩვენ გავაკეთებთ, ბატონო, - მოუბოდიშა ბაბუამ გურულს. გურულმა ერთხელ კიდევ შეხედა სამივეს და უთხრა:

- არ მინდა, ძამა, მე გავაკეთებ. მადლობა ღმერთს, რომ გადარჩით, თვარა თქვენს სურათებს რა უყურებდა აქანა...

გივი მელაშვილი. თბილისი