გათხოვებაზე გამწარებული - კვირის პალიტრა

გათხოვებაზე გამწარებული

გოგი 30 წელი ერთსა და იმავე ადგილას მუშაობდა. ძალიან კარგი სახელი ჰქონდა და ქალაქში უბინაოდ მყოფს, სამსახურის შენობაშივე მისცეს პატარა ოთახი.

50-ს გადაცილებულს ცოლი არ ჰყავდა. ნათესავები და მეგობრები ძალიან ნერვიულობდნენ და მაჭანკალს მაჭანკალზე გზავნიდნენ გასათხოვარ ქალებთან. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი წარმატებული გამოდგა და მხოლოდ გოგის თანხმობაღა იყო საჭირო.

- გადასარევი ქალია, - უთხრა მაჭანკალმა, - თანახმაა, ცოლად გამოგყვეს.

- კი მაგრამ, მე რომ პატრონი არ მყავს, იცის? - ჰკითხა გოგიმ.

- როგორ არ იცის, ვუთხარი.

- მწირი ხელფასი რომ მაქვს, ისიც უთხარი?

- რა თქმა უნდა, რატომ დავუმალავდი?

- სახლი რომ არ მაქვს და სამსახურში ვცხოვრობ?

- ეგეც ვუთხარი, დამალვას აზრი არა აქვს...

- და მაინც თანახმაა, გამომყვეს? - გაოცდა გოგი.

- კი, თანახმაა, - დაუდასტურა მაჭანკალმა.

- ეგ, ჩემო კარგო, გამწარებული ყოფილა გათხოვებაზე, მასეთი ქალი რად მინდა!.. - იუარა გოგიმ.

მიშა ობოლაძე, ქუთაისი