რჩევები მთავრობას - კვირის პალიტრა

რჩევები მთავრობას

მკითხველს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ეს სტატია ერთი ცნობილი ქართული ანდაზით მინდა დავიწყო. როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ: ბოზ დედამთილს რძალი არ გაუბოზდებაო. ზუსტად ასეთი სიტუაციაა დღეს საქართველოში. ოპოზიცია არის "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ცხრა წელი მართავდა ქვეყანა და ყველა შავი საქმე, ყველანაირი ფარული გარიგება თუ ტყუილი იცის. ასე რომ, ოპოზიციაში გადასულთ ვერაფერს გამოაპარებ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალ ხელისუფლებას მივცეთ რჩევა, რა არ უნდა გააკეთოს არასდროს, რადგან ჯერ ერთი, ცუდია და მეორე - გამოცდილ "ნაციონალებს" ვერაფერს გამოაპარებ. მაშ, ასე:

1) რომ დაჰპირდით ხალხს და არ ასრულებთ - დაპირებების შეუსრულებლობას ასწავლით თქვენ მიშას?

2) თავდაცვის სამინისტროს ტენდერი რომ სამი კვირის წინ დაარსებულმა კომპანიამ მოიგო, მაგას გამოაპარებთ უგულავას?

3) ახალაიას პროცესზე მოწმეს რომ ხელზე დაუწერეთ გვარები, მაგას ასწავლით ბაჩოს, როგორ უნდა იპოვო ცრუ მოწმე?

4) მე-9 არხი დამოუკიდებელი ტელევიზიააო, რომ ამბობთ, "რუსთავი 2"-ს გამოაპარებ მასეთ რამეს?

5) მერაბიშვილს კამერა რომ დაუმონტაჟეთ საშხაპეში, საპონი არ ჰქონდა წასმული, უკვე იცოდა, სად იყო  კამერა. ვანო ასე ადვილად არ მოტყუვდება!

6) პარლამენტში რომ "ოცნების" დეპუტატები პულტზე სხვის მაგივრად აჭერენ ხელს, იქ "ნაციონალებიც" რომ არიან, დაგავიწყდათ?

7) ხადური რომ გამოდის და - წინ მიდის ეკონომიკაო, კარგი, ხალხი მოტყუვდეს, მაგრამ გილაურს მოატყუებ?

8) მასწავლებლებს ხელფასები რომ მოუმატეთ მაინცდამაინც არჩევნების წინ და არჩევნები რა შუაშიაო, რომ იძახით, შაშკინს მოატყუებთ თქვენ?

9) ევროპაში რომ თქვენზე კარგს წერს ჟურნალისტი, ბოკერია მოტყუვდება მაგით?

10) ახალმა გამგებელმა რომ ფული მოტეხა, უმუშევარ "ნაციონალ" გამგებლებს გამოაპარებ რამეს?

11) ახალი მინისტრები რომ ამბობენ, მთებში ვართ წასასვლელიო და ახალი ჯიპები იყიდეს, მაგას გამოაპარებ ძველ მინისტრებს?

12) ბურჯანაძე რომ ბიძინას შეხვდა და მერე დაიწყო "ოცნების" კრიტიკა, გიორგი თარგამაძეს მოატყუებს ეგ?

13) უსუფაშვილი რომ ამბობს, არ ვუთანხმებ ბიძინას არაფერსო, ეგ მოატყუებს ბაქრაძეს?