"ნაციონალურ მოძრაობას" რომ გაემარჯვა
01-07-2013
"ნაციონალურ მოძრაობას" რომ გაემარჯვა
ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით იაპონიიდან ჩამოვიტანდით მოსამართლე რობოტს, რომელიც პროკურორის პულტით იმუშავებდა.

შსს წარმოადგენდა კადრებს, როგორი აღტყინებული სახეებით გამოჰქონდა "ქართუ ბანკის" ბანკომატიდან ფული "ქართული ოცნების" წევრს.

დაწესდებოდა სხვადასხვა სახის ჯარიმები და ბიძინა ივანიშვილი "ფორბსის" მილიარდერთა სიაში აღარ იქნებოდა.
შოთა მალაშხია გაიმარჯვებდა პრაიმერში და მართლა გახდებოდა პრეზიდენტი.
ვერასოდეს გავიგებდით, მარგველაშვილმა ქსოვა რომ იცოდა.
პროკურატურა გაავრცელებდა პატიმართა მხრიდან ბადრაგის წამების ვიდეომასალას და დავით კიკალიშვილი ბოდიშს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზისთვის მოიხდიდა.
"მე-9 არხი" საინტერესო და
რეიტინგული არხი გახდებოდა.

ვანო მერაბიშვილი 80 წიგნის ნაცვლად 80 ოპოზიციონერის SMS-მიმოწერას წაიკითხავდა.
მოსახლეობა დაიყოფოდა ორ ნაწილად: "ნაციონალებად" და რუსეთის აგენტებად.
გია ხუხაშვილი იქნებოდა - ექსპერტი გია ხუხაშვილი.
"მის საქართველო" გახდებოდა 19 წლის ულამაზესი გოგონა და პარლამენტის წევრობაც საქართველოს მოქალაქეს 19 წლიდან  შეეძლებოდა.
კუდ-ი შეიძენდა იმდენ
სათვალთვალო კამერას, რამდენი საძინებელიც არის საქართველოში.
რუსეთი მაინც გადმოსწევდა საზღვარს 300 მეტრით, თუმცა ეს იქნებოდა საქართველოს მორიგი გამარჯვება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნაცვლად ფრაზებისა: "ჩაგეკითხებით"... "ჩავამთავრებ და ჩამეკითხეთ"... იტყოდა: "ნურას უკაცრავად!" ვერ მოგართვით!.."
ბიზნესმენები გახდებოდნენ "უკეთილშობილესნი და მოწყალენი" და თავიანთ ქონებას უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს.
თბილისის მერია გამოაცხადებდა მზესუმზირის გამყიდველთა ადგილების ტენდერს, რომელსაც ნაციონალების შპს "ბებიათა კავშირი" მოიგებდა.

პ.ს. რასმუსენი ისევ ჩამოვიდოდა თბილისში და ზუსტად იმას იტყოდა, რაც რამდენიმე დღის წინ თქვა.

რედაქტორის რჩევით