ასე იციან გეორგიაში - კვირის პალიტრა

ასე იციან გეორგიაში

- წადი, შენი ბიძაშვილი ნახე და ისე შეიტანე განცხადება დაფინანსების თაობაზე, თორემ გაგაწვალებენ, - მითხრა მეუღლემ სახლიდან გასვლის წინ და საბუთები მომაწოდა.

- რა ბიძაშვილი, - გადავირიე მე, - ჩვენ ნატოსა და ევროპისკენ მივისწრაფვით და ბიძაშვილი რად გვინდა, ყველა თავის საქმეს უნდა აკეთებდეს.

- კარგი ბატონო, როგორც გინდა, ისე ქენი, - იქედნურად გამიღიმა ცოლმა და კარი მომიჯახუნა.

საბუთები ფაილში ლამაზად ჩავალაგე და ორგანიზაციისკენ გავემართე. მივედი თუ არა, კართან ლამაზი, 20-ოდე წლის გოგონა გადამეღობა, სრულიად უმიზეზოდ გამიღიმა და რით შემიძლია დაგეხმაროთო, მკითხა.

"აი, თუ არა ვართ, ცოლო, ევროპელები," - გავიფიქრე მე, კარში მდგარ გოგონას მეც შეძლებისდაგვარად გავუღიმე და ვკითხე:

- დიახ, გმადლობთ, თუ შეიძლება, მიმასწავლეთ, განცხადება დაფინანსების თაობაზე ვისთან დავტოვო.

გოგონამ კიდევ გამიღიმა, მერე მკითხა, თქვენი სახელიო და როცა ჩემი სახელი ვუპასუხე, მაქსიმალურად თქვენობით ფორმაში ჩასვა იგი და რიგის ბილეთი აიღეთო, მითხრა.

"ევროპა, ევროპა!" - ვფიქრობდი მე და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. ბილეთი ავიღე და ჩემს რიგს დაველოდე. მალე მომიწია.

- გამარჯობა! - მივუახლოვდი კომპიუტერთან მჯდარ უკვე გაღიმებულ ოპერატორს და დაფინანსებისთვის საჭირო საბუთები მივაწოდე.

- თქვენი სახელი... - მკითხა ოპერატორმა, როცა მივუგე, მანაც მაქსიმალურად თქვენობით ფორმაში ჩასვა და მითხრა:

- თქვენი დაფინანსების საბუთებს შესაბამის განყოფილებაში გადავგზავნით და ორ დღეში ყველაფერი მოგვარდება.

ბედნიერი წამოვედი. "ჩვენ უკვე ევროპაში ვართ," - ვიძახდი გულში, სახლში მისვლისას კი აღმზრდელობითი ლექცია ჩავუტარე ცოლს, რომელიც ჯერ კიდევ ძველი, საბჭოთა სტერეოტიპებით აზროვნებდა.

როგორც დამიბარეს, ზუსტად ორ დღეში მივედი. კართან ისევ ის გოგონა გადამიდგა, ისევ მკითხა სახელი, ისევ იმ მომენტისთვის სრულიად არაიუმორისტულ სიტუაციაში გამიღიმა და რიგის ბილეთი აიღეთო, მითხრა. ისევ ისე მოვიქეცი, ისევ მალე მომიწია რიგმა და ისევ მივედი წინასწარ გაღიმებულ ოპერატორთან.

- ჩემი დაფინანსების საკითხზე ვარ, ალბათ, განიხილეს უკვე, - ვთქვი მე პასუხში წინასწარ დარწმუნებულმა.

- იცით, შესაბამის განყოფილებას პასუხი დაუგვიანდა, ორ დღეში მობრძანდით და ყველაფერი იქნება.

სახლში წავედი და მეუღლეს ვუხსნიდი, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ევროპაშიც ხდება ხანდახან ისე, რომ ყველაფერი ზუსტად იმ დროში ვერ გვარდება, როგორც გეუბნებიან.

ორი დღეც გავიდა, ისევ მივედი აღნიშნულ ორგანიზაციაში, ისევ გავუღიმე და გამიღიმა იმ გოგომ, ისევ ავიღე რიგის ბილეთი და ისევ მივედი ოპერატორთან.

- სამწუხაროდ, სამი დღე კიდევ არ იქნება, შესაბამის განყოფილებაში ასე მითხრეს, ბოდიში - მითხრა ოპერატორმა, არადა მხოლოდ პასუხის გაგება მინდოდა, დაფინანსდა თუ არა.

დაღონებული წამოვედი. პროევროპული კამათის ისარი აშკარად ჩემი ცოლისკენ იხრებოდა. სამ დღეში ისევ მივედი. ამჯერად - ერთ კვირაშიო, მითხრეს. რაღაც მითიური შესაბამისი განყოფილება არა და არ იხილავდა ჩემს განცხადებას, მერე კიდევ მივედი. ისევ სამ დღეშიო, მითხრეს. მერე შვიდჯერ დავრეკე... არა და არა, პასუხი არ მოდიოდა.

- ბიძაშვილს დაურეკე-მეთქი, ხომ გითხარი, - ირონიულად მიღიმოდა ცოლი.

- არავითარი ბიძაშვილი! მე თვითონ მივხედავ ჩემს საქმეს! - დავიღრიალე მე და ნახევრად ჭკუაზე შეშლილი ორგანიზაციას მივადექი. წინ ისევ ის გოგონა გადამიდგა და გამიცინა.

- რა ყველის ვაჭარივით მიცინი, შე ჩემა?! გაიწი იქით! - დავუბღვირე მე.

- რიგის ნომერი აიღეთ, ბატონო, - მითხრა მან.

- რიგი არა, ჩემი ფეხები! - დავიყვირე მე და ყოველგვარი რიგის გარეშე წინასწარ გაღიმებულ ოპერატორს  მივადექი.

- იცით, ბატონო, თქვენი საბუთები... - დაიწყო ოპერატორმა ჩვეული ტონით, მაგრამ აღარ დავამთავრებინე:

- შენი დედა... შენი ორგანიზაციის და მისი უფროსის დედებიც... დაგწყვიტავთ ყველას!!!! გამოდით გარეთ, თქვენი კეთილები... უსაქმურები ხართ და არაკაცები ყველა!

კარგა ხანს ვყვიროდი. როცა მოვრჩი, თვალები დავხუჭე, ვიფიქრე, ახლა პოლიცია მოვა და დამიჭერს-მეთქი, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდებოდა. მერე ნელ-ნელა გავახილე და დავინახე, რომ მთელი ორგანიზაციის თანამშრომლები მე მიყურებდნენ, მართალია, შეშინებული იყვნენ, მაგრამ გულში, ალბათ,  სიამოვნებდათ, რომ მათ წინ სულით ხორცამდე ქართველი მამაკაცი იდგა. ოპერატორი გოგონა თვალებით მჭამდა, ორგანიზაციის უფროსი კი ცოტაც და, ლუდზე დამპატიჟებდა.

- დაწყნარდით, ყველაფერი მოგვარდება, - ხელკავი გამომდო სულ უფროსმა და მაგიდასთან მიმიყვანა.

- ადრე ექნა ასე, ხომ არ იწვალებდა ამდენს, - მომესმა კარში მდგარი გოგონას ხმა.

მეორე დღეს დაფინანსება მივიღე.