იდეების გენერატორი - კვირის პალიტრა

იდეების გენერატორი

როგორც ყველა ქართველი, მეც მზად ვარ შევეწირო ჩემს სამშობლოს. ყოველ შემთხვევაში, გუშინ ახლობლის დაბადების დღეზე ვიყავი და მეც და სხვებმაც საქართველოს სადღეგრძელო მისთვის თავის გაწირვის იდეით დავლიეთ. დილით კი ნაბახუსევზე როცა ჩემ წინ მდგარი დილემა (ლუდი ჯობია თუ არაყი?) ლუდის სასარგებლოდ გადავჭერი, მივხვდი, რომ გონება გამინათდა და სამშობლოს ეკონომიკური გაჭირვებიდან გამოსვლის უაღრესად საინტერესო გეგმა დავსახე. საქმე ისაა, რომ ჩვენთან მთავრობის წევრებს, პარტიებს და ჩინოვნიკებს საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ, ხალხს კი ან საერთოდ არა აქვს, ან ხანდახან აქვს. მეც ავდექი და ყველა კატეგორია შემოსავლის მიხედვით  დავახარისხე. შესაბამისად, მივიღე უაღრესად დახვეწილი და ეკონომიკურად გათვლილი ცხრილი:

1. პრეზიდენტი

2. პარლამენტარები

3. მინისტრები

4. ნაციონალები

5. ღარიბები

6. მოსახლეობის დანარჩენი 80%

ამ აღმოჩენით გათამამებულმა შევიმუშავე საინტერესო, დროს გასწრებული და ქვეყნად ჯერ არგაგონილი, ბრწყინვალე გეგმა, რომლის შინაარსი მეტად მარტივი გახლდათ. საჭირო იყო, ყოველ წელს მოგვეხდინა გადანაცვლებები. მაგალითად, მე-2 კატეგორიაში მყოფნი მომდევნო წელს შეგვენაცვლებინა მე-5 კატეგორიით, მე-6 კატეგორია მესამეთი და ა.შ. ეს საშუალებას მოგვცემდა ყველა მოქალაქეს წელიწადის ნებისმიერ დროს დაეგროვებინა შესაბამისი შემოსავალი და ქვეყანაში გაჭირვების პრობლემაც გადაწყდებოდა. ბუნებრივია, როცა გეგმის დასასრულს წერტილი დავსვი, სიამაყე ვიგრძენი და არც ვაციე, არც ვაცხელე, პირდაპირ პრეზიდენტთან გავიქეცი ჩემი იდეის გასაცნობად. პრეზიდენტმა ჩემს გეგმას ბალცეროვიჩის შოკური თერაპიის შემდეგ სამყაროს ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი უწოდა, ხელი ენერგიულად ჩამომართვა და მითხრა:

- კარგია ძალიან, კარგია, მაგრამ ახლა ამის გულისთვის კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ, ათასი პროცედურაა ჩასატარებელი, მგონი, 2013 წლამდე არ მოესწრება და აჯობებს, პრეზიდენტი, ანუ პირველი კატეგორია ამოვიღოთ და ისე დავამტკიცოთ პარლამენტში. აბა, გაიქეცი ახლა პარლამენტში და იქ გააცანი შენი შედევრიო.

სიმართლე გითხრათ, თვალზე ცრემლი მომადგა, პრეზიდენტს 2013 წლის შემდეგ პრემიერმინისტრობა ვუსურვე და პარლამენტში მივედი. პარლამენტარებმა ჯერ თანამდებობით მაღალ საფეხურზე მყოფ პარლამენტარებს შეხედეს და როცა დაინახეს, რომ ისინი თავს უარყოფის ნიშნად აქნევდნენ, თვითონაც დაიწყეს თავების უარყოფის ნიშნად ქნევა და მითხრეს;

- პროექტი ცუდი არ არის, მაგრამ არა მგონია, მე-2 კატეგორია მანდ საჭირო იყოს, აჯობებს ან მე-2 კატეორია ამოვიღოთ, ან ბოლო სამი, სხვა შემთხვევაში პროექტი გაუმართავი და არამიზნობრივიაო.

ბოლო სიტყვის მნიშვნელობა ვერ გავიგე, მაგრამ ამ მცირე ლაფსუსისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე წავედი სამინისტროებში, მინისტრებისთვის პროექტის გასაცნობად. თუმცა ჩემს შედევრს კარგი დღე არც იქ ელოდა, რადგან ორშაბათს რომ მინისტრთან ვიყავი და ოთხშაბათისთვის დამიბარა, ოთხშაბათს უკვე სხვა დამხვდა მინისტრად. ახალმა მინისტრმა პარასკევს რომ დამიბარა, პარასკევს ის მინისტრი ოპოზიციაში გადავიდა. შაბათს ისევ ახალი მინისტრი დამხვდა, კვირას დასვენება იყო და ორშაბათს კი ის სამინისტრო მთლიანად გააუქმეს. ამიტომ ვიფიქრე, ესენი ალბათ ვიწრო წრეში ჩემს კანონპროქტზე ვარჯიშობენ-მეთქი, სამინისტროების პუნქტი თვითონვე ამოვიღე და პირდაპირ ნაციონალებს მივადექი.

- რას ამბობ, კაცო! - შეიცხადა საკმაოდ ახალგაზრდა ნაციონალმა, როცა ჩემი პროექტი წაიკითხა, - ამისთვის ვიდექი ყინვასა და სიცივეში? ჩემ ზევით რაც კატეგორიაა, მარტო ის რომ იყოს, კიდევ ჰო და ქვემოთ რატომ გადავინაცვლო? არა, არა, მე ამ კანონპროექტს ხელს არ მოვაწერ! შენც გირჩევ, მაგ პროექტით აჟიოტაჟი არ ატეხო. მალე არჩევნებია, საკრებულოში შეგიყვანთ, მერე შეიძლება დეპუტატიც გახდე, დაუფიქრდი ამას! ახლა კი წადი და კარგი კანონპროექტი მოიტანეო. რა უნდა მექნა? ამოვშალე ნაციონალების პუნქტიც.

დეპუტატობა ჩემს გულმავიწყობაშეპარულ 89 წელს მიტანებულ ბაბუას უნდა და მე რატომ არ უნდა მინდოდეს?! - გავიფიქრე, ნაციონალების პუნქტიც ამოვშალე და ჩემმა ეკონომიკურმა პროქტმა ასეთი ფორმა მიიღო:

მოხდეს შენაცვლება ორ კატეგორიას შორის:

1. ღარიბები;

2. მოსახლეობის დანარჩენი 80%.

ახლა დეპუტატი ვარ, მშვენიერ თბილ ოთახში ვზივარ, კომპიუტერში გეომეტრიული პროგრესიით ვაბამ "ოდნოკლასნიკებსა" თუ "ფეისბუქზე" ქალებს და მხოლოდ ერთი ფიქრი მაწუხებს, - კიდევ რა დავწერო ისეთი, ჩემს ხალხს და სამშობლოს რომ გამოადგეს?