რემონტი და პოლიტიკა
22-07-2013
რემონტი და პოლიტიკა
სიტყვა ,,ქართველის" განმარტება არის ,,მთელი ცხოვრება რემონტის კეთებაო", გვითხრა ერთხელ ლევან ბერძენიშვილმა. თუ კარგად დავაკვირდებით, მართლაც ასეა. როგორც კი ცოტაოდენ ფულს ჩავიგდებთ ხელში, მაშინვე ვიწყებთ სახლის გარემონტებას. ამას წინათ მეგობართან ვიყავით, რომელსაც ჩაუგდია ხელში ცოტაოდენი ფული და, რა თქმა უნდა, რემონტიც დაუწყია. ვუყურებდით ხელოსანს, საშენ მასალებს, სარემონტო ხელსაწყოებს და რატომღაც ეს ყველაფერი ქართულ პოლიტიკასა და პოლიტიკოსებს შევადარეთ. და აი, რა გამოგვივიდა:

ბიძინა ივანიშვილი -–მაღალი მარკის ცემენტი. მაგან ისეთი პარტიები შეკრა,
შანსი არ იყო, ოდესმე ერთად დამდგარიყვნენ.

მიხეილ სააკაშვილი -,,სვარკა". იცი, რომ ყურებისას თვალს გტკენს, მაგრამ მაინც უყურებ.

დავით ბაქრაძე - ახალი ,,შპალერი". ძველ, ჩამოხეულ შპალერს გადააკრავ და ლამაზად ჩანს.

ირაკლი ღარიბაშვილი - მეტალოპლასტმასის კარ
-ფანჯარა. რომ ჩასვამ, არც ხმა გაწუხებს, არც ქარი, არც სიცივე.

ვანო მერაბიშვილი - ბრტყელტუჩა. დიდი ძებნის მერე რომ მიაგნებ და ხელოსანი გეტყვის, სულ რომ ეძებ, ჩაკეტე უჯრაში და გეცოდინება სადაც არისო.

პარლამენტი - სააბაზანოს ონკანი. ერთ მხარეს წითელია, მეორე მხარეს - ლურჯი. ცალ-ცალკე რომ მოუშვა წყალი, ან დაგწვავს, ან გაგყინავს, ამიტომ გაასაშუალოებ და დაიბან გემრიელად.

ნატო -,,ცენტრ პოინტის" ბინა. ფული კი გაქვს შეტანილი, მაგრამ როდის შეხვალ შიგ, კაცმა არ იცის.
ვლადიმირ პუტინი - ჩაქუჩი. მუშაობის დროს თითზე რომ დაირტყამ, ჩაქუჩს ვერაფერს უზამ, მაგრამ გულიანად კი აგინებ.

მაჭავარიანი, წერეთელი, გოგორიშვილი - კედელში ჩაშენებული კარადები. რამდენჯერაც უნდა გაკეთდეს რემონტი, მათ მაინც არ ეხებიან.

დავით უსუფაშვილი - თარაზო. კი გეუბნება ხელოსანი, სწორად ავაშენე კედელიო, მაგრამ რომ დარწმუნდე, მაინც მიადებ ხოლმე.

არასაპარლამენტო ოპოზიცია - რკინის კარი. ჭრიჭინებს, ჭრიჭინებს, მაგრამ თუ დაზეთავ, გაჩერდება.

"მე-9 არხი" - ცოლი. სტუმრები რომ მოვლენ, მხოლოდ იმ ოთახებს აჩვენებს, რომლებიც გარემონტებულია.

ირაკლი ალასანია - მეტლახი. სამზარეულოში რომ დააგებ და მერე დანანებით ამბობ, ეს ,,ზალასაც" კი მოუხდებოდა, ისეთი  ლამაზიაო.

ხალხი - ხარაჩოს ფიცრები. რემონტის დროს საჭიროა, მაგრამ რომ დაამთავრებენ, მერე მიაგდებენ ,,პადვალში" ახალი რემონტის დაწყებამდე.

რედაქტორის რჩევით