ბიძინას ნაკლი არის ის, რომ...
29-07-2013
ბიძინას ნაკლი არის ის, რომ...
ჩვენი რესპონდენტი შალვა რამიშვილია. კაცი, რომელმაც ჩამოაგდო ყველა მთავრობა, რომელიც არ მოსწონდა, ყოველ შემთხვევაში - დიდი წვლილი შეიტანა მათ ჩამოგდებაში. რაც შეეხება დღევანდელ მთავრობას, ჯერჯერობით შალვას დასაწუნი არაფერი სჭირს, თორემ ისეთი ენერგიულია, ორ-სამ მთავრობას კიდევ ადვილად გადმოაყირავებს. ყველაფერზე ვესაუბრეთ მე-9 არხის შუადღის წამყვანს: ტელევიზიებზე, პოლიტიკაზე, მიშასა და გინებაზე... როგორც ყოველთვის, რამიშვილს ყველაფერზე ისეთი პასუხი აქვს, რომელსაც შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ რასაც ამბობს, ისე ჭკვიანურად ამბობს, ვერც შეეკამათები. მაშ, ასე, კიდევ
ერთხელ მოვუსმინოთ ამ მოუსვენარ კაცს.


- მოგესალმებით, ბატონო შალვა.
- მოგესალმებით. გამოუშვით, აბა, შეკითხვები.

- კი ბატონო, ოღონდ სანამ შეკითხვებზე გადავალთ, ძველი შეგონებები გვინდა შეგახსენოთ: "წაქცეულს არ დაარტყა", ან კიდევ: "დაჩაგრულს ნუ დაჩაგრავ..."
- ვიცი ეგ შეგონებები...

- თუ იცით, რატომ აგინეთ მიშას?
- ვინაა,
კაცო, დაჩაგრული? დაჩაგრული კი არა, დაბოღმილია. ისე კი, მე სულაც არ ვარ კმაყოფილი, რომ ვაგინე.

- კიდევ მეტი უნდა გექნათ?
- არა, თავი უნდა შემეკავებინა. მაგრამ ვერ მოვახერხე, მიუხედავად მისი დღევანდელი მდგომარეობისა, მაინც მაქვს ბოღმა მის მიმართ.

- ოქტომბრის მერე აღარ გექნებათ, ალბათ, ხომ?
- ალბათ, რადგან ოქტომბრის მერე, მიშა გაშპება.

- კარგი ფრაზაა - მიშა გაშპება. და სად გაშპება?
- ალბათ, დასავლეთში სადმე...

- და მერე ის დაგიწყებთ იქიდან გინებას.
- დიდხანს ვერ გვაგინებს, რადგან მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა, მერე ცხრაკლიტული და იქიდან გვაგინოს, რამდენიც უნდა.

- ბიძინა ივანიშვილს რა ნაკლი აქვს?
- მთავარი ნაკლი გაინტერესებთ?

- აი, ისეთი ნაკლი, თქვენ ნაცმოძრაობის წევრებისა რომ გაინტერესებდათ.
- გეტყვით, ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი ნაკლი არის ის, რომ მან კარგად არ იცის პოლიტიკური ტექნოლოგიები, თუმცა ეს შეიძლება მის ღირსებადაც ჩაითვალოს.

- ეგ როგორ, პოლიტიკურმა ლიდერმა პოლიტიკური ტექნოლოგიები რომ არ იცის, კარგია?
- კარგი არ არის, მაგრამ ღირსებად იმიტომ უნდა ჩაითვალოს, რომ როცა ყველაფერი დალაგდება, ის აპირებს დატოვოს თანამდებობა, ამ გადასახედიდან კი, რა თქმა უნდა, ღირსება უფროა.

- სხვა ნაკლი არა აქვს?
- ეს, რა თქმა უნდა, ნაკლად შეგიძლიათ ჩათვალოთ, პოლიტიკოსი რომ ისე ვერ ფლობს პოლიტიკურ ტექნოლოგიებს, როგორც, ვთქვათ, წინა ხელისუფლება, არ იცის პიარი და ლაპარაკობს მუდამ სიმართლეს მაშინაც კი, როცა ეს საჭირო არ არის, ნაკლია აბა, რა...

- კარგი, მიშამ წააგო არჩევნები. ამბობთ, ბიძინას არ უვარგა პიარი და პოლიტიკური ტექნოლოგიებიო... მაშ, ვინ არის დღეს ამ საქმის კარგი მცოდნე?
- თავის დროზე მიშამ ყველაზე კარგად იცოდა პიარიც და ტექნოლოგიებიც.

- შევარდნაძე?
- შევარდნაძემაც იცოდა, მაგრამ ის ჩარჩა ძველ დროში და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებს ვეღარ აუწყო ფეხი.

- ტელევიზიებში რა ხდება, შალვა-ბატონო?
- ტელევიზიებში ის ხდება, რომ აღარ არის პოლიტიკური ფული, დარჩა რეკლამის შემოსავალი... ტელევიზია ბევრია, რეკლამა - ცოტა, ამიტომაც დაიწყო სიდუხჭირე.

- ანუ გათავისუფლდა მედია?
- ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტად ხომ არის თავისუფალი, ვიდრე იყო?

- თქვენ მე-9 არხზე მუშაობთ...
- მე-9 არხის დამფუძნებელი ვინც არის, ყველამ იცის, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის არ ერევა ტელევიზიის საინფორმაციო მიმართულებაში.

- კიდევ ერთი საკითხი: რას იტყვით ბიძინას წასვლაზე?

- როცა ხელისუფლება გაძლიერდება, ის გადაინაცვლებს საზოგადოებრივ სექტორში თავისი რესურსებით და ეს უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის.

- კარგი, მაშინ ასე გკითხავთ: დავუშვათ, ბიძინა წასულია ხელისუფლებიდან, ეკონომიკური მაჩვენებლები გვაქვს ცუდი, მოიმატა უმუშევრობამ, გამოვედით 100 ათასი კაცი ქუჩაში ხადურის გადაყენების მოთხოვნით... ბიძინა ჩვენ გვერდით იქნება და ისიც მოითხოვს ხადურის გადაყენებას? ანუ ჩვენ გვაინტერესებს, თუ ამ მთავრობამ ვერ გაამართლა, ვის უნდა ვაგინოთ?

- შემიძლია ერთ რამეში დაგარწმუნოთ, - მიტინგები საქართველოში აღარ იქნება.

- რას ამბობთ, ქართველები ვართ... მიტინგი როგორ არ იქნება?

- სხვათა შორის, ეგ მიდგომა, რომ მიტინგით შეიძლება ხელისუფლების შეცვლა, ბიძინამ დაანგრია. ანუ ქართველები უკვე მიხვდნენ, რომ ხელისუფლების შეცვლა სხვა რამითაც შესაძლებელი ყოფილა. ახლა ვინც აკრიტიკებს ივანიშვილს, თუ დაუკვირდით, რას ამბობენ?

- რას ამბობენ?
- დაახლოებით ასე ამბობენ: თქვენ სულ კი არ იქნებით, მოვა არჩევნები და ნახავთ შედეგსო. აი, ეს არის ძალიან კარგი, ახლა ფიქრობენ, რომ არჩევნებით შეცვლიან ხელისუფლებას.
lela
07 აგვისტო 2013 12:19
შალვა, შენ ისეთი კაცი ხარ, მხოლოდ ასეთ პატარა გადაცემაზე არ უნდა ცდებოდე. ძალიან მომწონხარ.
Mishisti
03 აგვისტო 2013 07:40
DADA დედა გყავს შენ?ვე გამოხვედი მაგ ბანძი ინტრიგნის ამპლუიდან?!რასაც შენ გულისხმობ გავიარეთ დიდი ხანია.მიშას კითხე ეხლა ეგ!
გიორგი
31 ივლისი 2013 12:54
ყველა პასუხი მომეწონა, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ სამი თვით მაინც დააბრუნებ "აკრედიტაციას".

რედაქტორის რჩევით