რჩევები დასასვენებლად წამსვლელებს - კვირის პალიტრა

რჩევები დასასვენებლად წამსვლელებს

დადგა ზაფხულის ბოლო თვე და ყველა სადღაც მიდის დასასვენებლად: ზოგი - მთაში, უმრავლესობა - ზღვაზე. არიან ისეთებიც, ვინც უცხოეთის კურორტებზე აპირებს წასვლას. მოკლედ, ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცით და გვინდა, მოსახლეობას და ჩვენს საყვარელ პოლიტიკოსებს რამდენიმე რჩევა მივცეთ, სად დაისვენონ და რა უნდა გაითვალისწინონ.

რჩევა მოსახლეობას:

სიღნაღში დასასვენებლად წამსვლელებს ვურჩევთ, მოინახულონ აღდგენილი უბანი და მუზეუმი, აბასთუმანში წამსვლელებს ვურჩევთ, მოინახულონ ობსერვატორია, ხოლო სამტრედიაში წამსვლელებს გირჩევთ, იფიქრეთ მხოლოდ კარგზე, ცხოვრება გრძელდება და მშვენიერია.

თუ თქვენ აპირებთ დაისვენოთ მაიამიში, მერე ერთი კვირა დარჩეთ ლას ვეგასის ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში, ამის შემდეგ წახვიდეთ კანარის კუნძულებზე... ხალხი გთხოვთ: რომ ჩამოხვალთ, მოგვიყევით, რა...

თუ თქვენ ათი დღით ხართ ჩასული ზღვაზე და სამი დღე ზღვა არ გინახავთ, ჯერ შესულიყავით ზღვაში და მერე შეგეკვეთათ ის აჭარული ხაჭაპური.

ბათუმში წამსვლელებს ვურჩევთ, თან იქონიონ: საწვიმარი, კოღოს ნაკბენის საწინააღმდეგო კრემი, შამპანური და "ბანბანერკა" რუსი და უკრაინელი ტურისტებისათვის.

თუ ცურვა კარგად იცით, გირჩევთ, ნუ გასცდებით ზღვაში მოლივლივე ტივტივას, ხოლო თუ ცურვა კარგად არ იცით, გირჩევთ, ნუ გასცდებით ზღვაში მოლივლივე სიმინდის ტაროებს.

თუ ბათუმის ბულვარში "კოკა კოლას" და სიგარეტის ყიდვა მოგინდათ, ნუ იყიდით, რადგან ხალხი შურიანი თვალებით შემოგხედავთ და რამდენი ფული  ჰქონიაო, იტყვის.

და ბოლოს, თუ ყველა რჩევა გაითვალისწინეთ, წაბრძანდით და დამასვენეთ ამ ჩემს თბილისში ცოტა ხნით.

რჩევა პოლიტიკოსებს:

ბიძინა ივანიშვილს ვურჩევთ, წავიდეს მთაში, რადგან ზღვაზე 10 საათის შემდეგ იწყება ხმაური და დროსტარება.

გიორგი მარგველაშვილს ვურჩევთ, არ დაისვენოს, რადგან ჯობია ახლა იმუშაოს, გაიმარჯვოს და მერე ხუთი წელი დაისვენოს.

ვანო მერაბიშვილს ოკეანეთის ნებისმიერ კუნძულზე შეუძლია დაისვენოს, ანუ ვურჩევთ, წაიკითხოს ,,განძთა კუნძული", "საიდუმლო კუნძული" ან ,,რობინზონ კრუზო".

მიხეილ სააკაშვილმა სადაც უნდა, იქ დაისვენოს, ოღონდაც ჩვენ დაგვასვენოს.

არჩილ კბილაშვილმა დაისვენოს ტიბეტში, ბუდისტ ბერებთან. იქ მუდამ სიყვარული სუფევს, ჭიანჭველას ფეხს არ ადგამენ, მიტევება და კაცთა შორის მშვიდობაა.

შალვა ნათელაშვილს იამაიკაზე წასვლას ვურჩევთ. იქ ყველა ეწევა მარიხუანას, ერთი-ორი სატელევიზიო გამოსვლა  და შეიძლება პრეზიდენტადაც კი აირჩიონ.

"ნაციონალებს" ვურჩევთ, წავიდნენ ნიაგარას  ჩანჩქერზე. ეგ თუ გაწმენდს მაგათ...

გიგი უგულავას ვურჩევთ, გამონახოს ბიუჯეტში სახსრები და წავიდეს ლას-ვეგასში, სტრიპტიზკლუბში და კაზინოებიც დაათვალიეროს... მოასწროს კიდევ ერთხელ, სანამ კბილაშვილი და კუბლაშვილი კურორტებიდან დაბრუნდებიან.

აი, გია ხუხაშვილმა ჩვენზე უკეთ იცის, სად წავიდეს და როგორ დაისვენოს.