მისამართი შეეშალა - კვირის პალიტრა

მისამართი შეეშალა

ეს ამბავი კომუნისტების დროს მოხდა. ქუთაისში, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად გურამი. ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა ,,ზილის" მძღოლად. განათლებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა და არც ჰქონდა პრეტენზია. საბჭოთა არმიაში რომ გამიწვიეს, მეხუთე კლასში ვიყავიო, ხშირად უხუმრია, თუმცა სიმართლესთან ახლოს რომ იყო ეს ხუმრობა, ეტყობოდა. ეს ჩვენი გურამი სამსახურის შემდეგ თავისი "ზილით" ე.წ. ,,ხალტურაზე"” დადიოდა და საკმაო ფულს შოულობდა, ჰოდა, სახლიც კარგი ედგა და ცოლ-შვილიც მშვენივრად ჰყავდა მოვლილი. ერთ დღესაც ამბავი მოვიდა, გურამი საავადმყოფოშია, ნაცემიო. მთელი სამეზობლო წავედით სანახავად. აი, რა მომხდარა. ერთი კლიენტი მისულა და კუბოს მიტანა უთხოვია, მისამართიც მიუცია - ალექსანდრე ჭავჭავაძის 9. წასულა გურამი და იქ მოხდა ეს საშინელება. აბა, რა იცოდა ჩვენმა გმირმა, რომ ჭავჭავაძე ილია სხვაა და ალექსანდრე - სხვა. მისულა ილია ჭავჭავაძის 9-ში, ჭიშკარი ღია დახვედრია და პირდაპირ ეზოში შეუყენებია მანქანა. გურამმა - მიდით, დროზე ჩამოიღეთ, მეჩქარებაო. გააღეს ,,კუზაო" და... იმის შემდეგ გურამს აღარაფერი ახსოვს, რადგან იმ ოჯახში, თურმე, მეორე დღეს ქორწილი იყო დანიშნული...

გიორგი ბაღდავაძე,

ქუთაისი