სწორია, მეც რვა დამრჩა!!!! - კვირის პალიტრა

სწორია, მეც რვა დამრჩა!!!!

ეს ამბავი ამ რამდენიმე თვის წინ მოხდა. სვანებზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, მაგრამ სანამ ეს ამბავი არ მოხდა, არ მჯეროდა, რადგან მყავს სვანი ძმაკაცი და მისთვის არ შემიმჩნევია ისეთი რამ, იმ ანეკდოტებს და კურიოზებს რომ ამართლებდეს... მოკლედ, მე და ჩემს სვან ძმაკაცს, გიორგის, ზუსტად ერთნაირი ბინები გვაქვს. ამას წინათ რემონტს ვაკეთებდი სახლში, ხელოსანიც არ დამიქირავებია, რადგან პატარ-პატარა რაღაცების კეთება, მაგალითად შპალერის გაკვრა, მე თვითონაც შემიძლია. საძინებელში ჩამოვხიე ძველი შპალერი, წავედი ახლის საყიდლად და იქ ,,გავიჭედე": არ ვიცოდი, რამდენი უნდა მეყიდა. სწორედ მაშინ გამახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ ამ ჩემმა სვანმა ძმაკაცმაც გააკრა თავისი ბინის საძინებელში შპალერი, გახარებულმა დავურეკე და ვკითხე, შპალერი რამდენი იყიდე-მეთქი. თვრამეტი რულონიო, მითხრა. ვიყიდე მეც, წამოვედი, იმ დღესვე გავაკარი და რვა რულონი დამრჩა. გადავირიე და აღელვებულმა ისევ დავურეკე:

- გიო, რა მიქენი, ბიჭო, თვრამეტი ვიყიდე, გავაკარი და რვა რულონი დამრჩა!!!

- სწორია, მერე, მეც მაგდენი დამრჩა, რა გინდა? - მიპასუხა სრულიად გულუბრყვილოდ.

ლაშა. თბილისი