"ტკიცინა ხუთთუმნიანი ჩემზე იყოს" - კვირის პალიტრა

"ტკიცინა ხუთთუმნიანი ჩემზე იყოს"

ეს ამბავი იმ დროს მოხდა, როცა მოსკოვში წასვლა პრობლემა არ იყო. ჩემი მეზობელი კაკოც აჰყვა მაშინდელ მოდას და სამუშაოდ მოსკოვში წავიდა.

მთელი წელი ისე გავიდა, ერთხელაც არ ჩამოსულა. თავდაუზოგავად მუშაობდა და როგორც თვითონ ამბობდა, ბლომადაც შოულობდა ფულს, თუმცა ძალიან ენატრებოდა სოფელი. თითქმის ყოველდღე რეკავდა და დედას დაწვრილებით აყოლებდა სოფლის ამბებს. დალიც უყვებოდა ყველაფერს, თუმცა ერთი ამბავი მაინც გამორჩა და სწორედ ამას მოჰყვა ეს ამბავიც.

ერთი წლის შემდეგ ჩამოვიდა კაკო სოფელში, დიდი სუფრა გაშალა და ყველა მეზობელი დაპატიჟა.

გახურდა ქეიფი. კაკომ - უფრო ვასიამოვნებ მეზობლებსო და მანქანით მეზობელი სოფლიდან ცნობილი მეარღნის მოსაყვანად წავიდა.

ღამის ორი საათი იყო. გამოვიდა მეარღნის შვილი და კაკომ ყოველგვარი მოკითხვის გარეშე მიახალა:

- ძმაო, ვქეიფობთ, ბიჭები! მიდი, წამოაყენე მამაშენი და ტკიცინა ხუთთუმნიანი ჩემზე იყოს.

სტუმარს არც მასპინძელი ჩამორჩა:

- წადი, ძმაო, შენ წამოაყენე მამაჩემი და მე ათ მაგდენს მოგცემ!

კაკოს დედასაც და ჩვენც დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ მეარღნე ორი თვის გარდაცვლილი იყო.

გივი მელაშვილი