ოჰ, ეს სიტყვის თავისუფლება... - კვირის პალიტრა

ოჰ, ეს სიტყვის თავისუფლება...

- შეუძლებელია, თქვენ კრეტინი არ იყოთ! - მითხრა ჩემს ქვემოთ მცხოვრებმა მეზობელმა.

არც მიკითხავს, კრეტინი რატომ ვეგონე, ისე გავუქანე და მუშტი ვხეთქე, რომელიც ჩემმა მოულოდნელმა დარტყმამ ძირს დასცა, თუმცა მალევე წამოხტა და წიხლით მიპასუხა.

ორივე დაგვიჭირეს და სამთვიანი პატიმრობა მოგვისაჯეს, თანაც პირობა დაგვადებინეს, რომ აღარასოდეს ვიჩხუბებდით.

- კი მაგრამ, მან ხომ კრეტინი მიწოდა! - აღვშფოთდი მე.

- მერე რა, საქართველოში სიტყვის თავისუფლებაა და მას უფლება ჰქონდა,  გამოეხატა თავისი აზრი თქვენ შესახებ, - გამანათლა დემოკრატიის საწყისებში მოსამართლემ და Human Rights Watch-ის წარმომადგენელივით შემომხედა.

სამმა თვემ მალე განვლო. მე და ჩემი მეზობელი ისე ვიყავით შეშინებული ციხით, რომ დავის გაგრძელებაზე არც გვიფიქრია, თანაც ციხეში ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციის - "სიტყვის თავისუფლების უკეთესად გაგებისთვის" - წევრი დადიოდა და მისი წყალობით უკვე ბრწყინვალედ ვიცოდით, რა იყო სიტყვის თავისუფლება.

თუმცა ერთხელ ჩვენი საერთო ნაცნობის ქორწილში მე და ჩემს მეზობელს მაინც მოგვიწია ერთად მოხვედრამ, ის კი არა, მაგიდასთანაც გვერდიგვერდ აღმოვჩნდით. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა რამდენიმე ჭიქის შემდეგ ჩემმა მეზობელმა დამცინავად შემოგვხედა ჯერ მე, მერე ჩემს ცოლს და მითხრა:

- რა ლამაზი მკერდი აქვს თქვენს ცოლს, იფ...

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრისგან უკვე ვიცოდი, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ამიტომ ეს შეფასება სიტყვის თავისუფლებად ჩავუთვალე, მაგრამ რადგან გონებამ მიკარნახა, რომ ეს შეურაცხყოფა იყო, პატრული მოვიყვანე და მოწმეების თანდასწრებით შევადგინენინე ოქმი, სადაც ჩაიწერა, რომ ჩემს მეზობელს ჩემი ცოლის მკერდი მოეწონა და ეს საჯაროდ გამოხატა.

Pპატრული წასვლას აპირებდა, რომ ახლა მე შევხედე ჩემი მეზობლის ცოლს და ვთქვი:

- ქალბატონო, ძალიან მოკლე კაბა გაცვიათ, სულ თვალი გამირბის თქვენი ფეხებისკენ...

მეზობელი ჩემს ამ გამონათქვამზე გაწითლდა, გალურჯდა და გამწვანდა, მაგრამ სიტყვის თავისუფლების არსს ვერსად წაუვიდა, ერთი კი დაიძახა, მაცალე, სასამართლოში რა გიქნაო და პატრული უკან დააბრუნა; მერე ახალი ოქმი შეადგენინა მოწმეების თანდასწრებით  და ნასიამოვნები სახით სუფრას დაუბრუნდა.

- არ წახვიდეთ, რა, ჩემს მეზობელს უნდა ვაგინო, მერე ისიც შემაგინებს და ოქმი გექნებათ შესადგენი, აქეთ-იქით სირბილს არ ჯობია, აქ იყოთ? - გავუადვილე  საქმე პატრულს.

სამართალდამცავს ჩემი წინადადება, ეტყობა, ჭკუაში არ დაუჯდა. ვინც მე ტრენინგები ჩამიტარა სიტყვის თავისუფლებაზე, ერთი ის გამალახვინა ახლა, მერე ეს ორივე და მერე მომკლა, თუ გინდაო, - Yთქვა და სწრაფად გაგვეცალა.

- ახლა რა ვქნათ, რომ შემაგინო, ვინ დაწერს ოქმს? - დაღონდა ჩემი მეზობელი.

- აბა... - ამოვიოხრე მეც და ჯავრიან გულზე დიდი ყანწით ღვინო დავლიე.

Mმოულოდნელად ხმამაღალი გინება გაისმა. მალე ორიოდე მეტრის მოშორებით კაცი გადმოფრინდა, რომელსაც სამი თეფში მოჰყვა, მერე ამ თეფშების მსროლელი მოზვერივით კაცი გადმოხტა და ძირს დაგდებულ კაცს ძალიან მტკივნეული და მტკივნეულზე უფრო დამამცირებელი წიხლი ამოარტყა.

- რას შვრებით, რას?! - მივვარდი აღშფოთებული.

მოზვერივით კაცს გამშველებელი ვეგონე, მომიტრიალდა და მითხრა:

- აბა, რა მექნა, დამპალი მიწოდა!

- მერე რა, - ავუხსენი მე, - მას კონსტიტუციით აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი, ხოლო თქვენ შეგეძლოთ, წასულიყავით ექსპერტიზაზე და აგეღოთ ცნობა, რომ დამპალი არ ხართ. ამის მერე კიდევ თუ გიწოდებდათ დამპალს, სასამართლოს აუცილებლად მოიგებდით.

ჩემს ამ სიტყვებზე მოზვერივით კაცმა ჯერ თავი მოიფხანა, მერე გარს შემოკრებილ ხალხს გახედა,  ხელი მოისვა თვალებზე, მერე ის თვალები დახუჭა, გაახილა, ისევ მე რომ დამინახა, ღრმად მორწმუნესავით გადაიწერა პირჯვარი და მკითხა:

- თქვენ კრეტინი ხომ არა ხართ?

გამეცინა და სწრაფად მივუგე:

- სწორედ მაგ საკითხზე მოგვივიდა დავა მე და ჩემს მეზობელს, ახლა კი მე მაქვს ცნობა, რომ კრეტინი არ ვარ!

ეს ვთქვი და არაკრეტინობის დამადასტურებელი ფურცელი მოზვერივით კაცს წარვუდგინე.

- დიახ, მართალია ეს კაცი, - დაადასტურა ჩემი ნათქვამი მეზობელმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო - მოზვერივით კაცს თმა საბჭოთა მულტფილმში ნანახი ზღარბივით აებურძგნა, გაცოფებულმა პირი გამაღებინა, ფურცელი შიგ ჩამტენა, მერე პირი დამაკეტვინა და მზეზე გაფენილი ლეიბივით დამცხო მუშტები.

- რა ხდება აქ?! - მოვარდა მოულოდნელად ჩვენი ნაცნობი პატრული.

- ბატონო, ეს კაცი მართალია, -  ჩემი მხარე დაიჭირა ჩემმა მეზობელმა, - ის უხსნიდა ამ კაცს, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება და ურჩევდა, აეღო ცნობა, რომ დამპალი არ არის, მან კი სიტყვის თავისუფლება ფეხქვეშ გათელა და  გთხოვთ, მიუთითოთ ოქმში, რომ...

მაგრამ სიტყვის დამთავრება ვეღარ მოასწრო, პატრულმა ფორმა გაიხადა, მომხსნან მაგისიცო, თქვა და ჩემი მეზობელი ისე სცემა, მოზვერივით კაცსაც კი გაუკვირდა.

ახლა ყველანი სასამართლოში ვართ. მოსამართლე მორიგ ლექციას კითხულობს სიტყვის თავისუფლებაზე, განსაკუთრებით მკაცრად მიმართავს იმ ადამიანს, მოზვერივით კაცმა ჩემამდე რომ სცემა. გასაკვირიც არ არის - მას ხომ ჩვენზე მეტი მოეთხოვება, ის ხომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი წევრია არასამთავრობო ორგანიზაციისა "სიტყვის თავისუფლების უკეთესად გაგებისათვის"...