"ვარ(დ) ძია 2003" - კვირის პალიტრა

"ვარ(დ) ძია 2003"

მოგეხსენებათ, თბილისის მერიაში არცთუ ისე პატარა თანამდებობა მიჭირავს. ისტორიული ძეგლების საკითხებს განვაგებ. უფრო სწორად, ჩემი ზემდგომი ორგანოები რასაც იტყვიან, ის მომწონს და მერე განვაგებ. როცა კარგ საქმეს ვაკეთებ, ყოველთვის მიხარია და სამსახურში პურმარილი მიმაქვს ამის აღსანიშნავად. ერთხელაც, კარგი საქმე გავაკეთეთ (ერთი თვე არც ერთი ძეგლი და მისი მიმდებარე ტერიტორია არ გაგვიყიდია). შესაბამისად, სამსახურში ღვინო მივიტანე და კარგად დავთვერით. ქეიფზე ჩემი უფროსიც მოვიდა და ერთი სადღეგრძელოც გვითხრა:

- ბიჭებო, გენაცვალეთ, ძალიან მაგრები ხართ, აბა, თქვენ იცით, დაიცავით და მოუარეთ ისტორიულ ძეგლებს, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის უკვდავ კავშირს აწმყოსთან და ნათელ წერტილებს მომავალთან! გახსოვთ, რა თქვა ნაპოლეონმა პირამიდებზე? ისე ვთქვათ ჩვენც ჩვენს ძეგლებზე და ვიზრუნოთ მათზე.

იქ მსხდომებმა ისეთი სახე მივიღეთ, რომ გეგონებოდა, ვიცოდით, რა თქვა ნაპოლეონმა პირამიდებზე. მერე უფროსთან ერთად აღნიშნული სადღეგრძელო ვახტანგურად დავლიეთ და დავამატეთ, რომ ჩვენი მერი კარგი ადამიანია.

ნაბახუსევზე უფროსის ზომიერად რაფინირებული სადღეგრძელო ჩამესმოდა ყურში და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მეშველა ისტორიული ძეგლებისთვის. მსწრაფლ კალამი მოვიმარჯვე და საუკუნეებზე და ეგზალტირებულ მასაზე გათვლილი ძეგლების დაცვის გენიალური გეგმა შევიმუშავე ნახაზების თანხლებით. მერე კი შინაგანი მღელვარებით აღვივსე, მერიაში გავიქეცი და ჩემი გეგმა უფროსს გავაცანი.

უფროსმა ჩემი შედევრი ორჯერ ყურადღებით წაიკითხა, მერე მონალიზასავით შეუცნობელი მზერა მტყორცნა და მითხრა:

- გენაცვალე, აქ რომ წერია გალავანიო, რომელია?

- ეს, ბატონო, ბარათაშვილის ქუჩაზე რომ არის, ის გალავანია.

- აჰა, ერეკლეს გალავნად წოდებული, აღა-მაჰმად-ხანმა რომ დაანგრია, მერე კომუნისტებმა გათხრებისას რომ ნანგრევებში იპოვეს და აღადგინეს, იუნესკო რომ გვეუბნება, ასეთ ძეგლებს მოუფრთხილდითო, ის გალავანია?

- დიახ, ესაა, ბატონო, - ვთქვი უფროსის ცოდნით აღფრთოვანებულმა.

- ჰოდა, უნდა დავიცვათ, ოღონდ რა ხდება იცი? მოდი, ეს გალავანი იმ უცხოელ ინვესტორს მივყიდოთ 13 ლარად... სასტუმროს დაშენება რომ უნდა ზედ...

- 13 ლარად? - გავიკვირვე მე.

- 13 თარსი რიცხვია და კარგად ვერ ააშენებს... ჰა, ჰა, ჰა, - გადაიხარხარა უფროსმა.

- ჰა, ჰა, ჰა, - ავყევი მეც, - გენიალურია, როგორ კარგად მოგიფიქრებიათ...

- ჯერ სადა ხარ? - შეიშნო უფროსმა, - აგერ კიდევ დაგიწერია ვარძიის  დაცვის გეგმა, მაგრამ უნდა გამოგიტყდე, რომ არაა სრულყოფილი. მე, მაგალითად, ვარძიის გამოქვაბულებში ჩავატარებდი ევრორემონტს, პირველ სართულზე გავაკეთებდი რესტორან "ვარძიას", გვერდით მივუშენებდი კაზინოს, სახელწოდებით "ვარძია, მოგვაგებინე რამე", წინ გავაკეთებდი აკვაპარკს, ხოლო თავზე დიდი მანათობელი ასოებით დავაწერდი - "ვარ(დ)ძია 2003". როგორია?

- ძალიან მაგარია, - გადავირიე მე  და ეჭვი გამიჩნდა, რომ ჩემი უფროსი იყო თავის დროზე ბაზალეთის ტბის ძირას აკვანში მყოფი ყრმა.

- რაც შეეხება სათაფლიას, - მომესმა უცებ ფიქრებში ჩაფლულს, - მანდ ყველაფერი მომწონს, ოღონდ, ესაა, რომ იქ დინოზავრის ნაკვალევის გვერდით გუშინწინ ჩვენმა პრეზიდენტმა გაიარა და მხოლოდ მისი ნაკვალევი შევინახოთ, რაც შეეხება თვითონ გამოქვაბულს, ჩემი აზრით, გამოქვაბული უნდა გადაკეთდეს ღამის კლუბად. დავსვათ დიჯეი, ჩართავს მაგარ მუსიკას, სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებზე იცეკვებენ სტრიპტიზის მოცეკვავე ქალები და წავიდააა!..

უფროსი თავისი იდეით ისე მოიხიბლა, რომ დიჯეისთვის დამახასიათებელი მუსიკა წამოიწყო და თავსაც ბრეიკ-სტილში ატრიალებდა. მეც ავყევი. რაც მეტს ვცეკვავდით, მით უფრო ვრწმუნდებოდი ჩემი უფროსის გენიალურობაში და ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ყრმა ნამდვილად ეს იყო, ოღონდ ვერ ვხვდებოდი, უჰაეროდ როგორ ძლებდა ტბის ფსკერზე.

მოულოდნელად უფროსმა ცეკვა შეწყვიტა და ბოლო ძეგლს დააკვირდა ჩემს ნახაზზე.

- ეს რომელი ძეგლია, კაცო?-  მკითხა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ.

- ეს, ბატონო, არ გეცოდინებათ, გზაც კი არ მიდის იქამდე, შორსაა, მთებში.

- მაშინ დავტოვოთ როგორცაა, კაცო, ისტორია და კულტურა იცი შენ, რა არის?... ძეგლს რომ შეხედავ, უნდა გრძნობდე, რომ იქიდან ისტორია და სამშობლოს წარსული ყვირის. ხომ გახსოვს, რა თქვა ნაპოლეონმა პირამიდებზე?  მე კვლავ ისეთი სახე მივიღე, თითქოს ვიცოდი, რაც თქვა ნაპოლეონმა პირამიდებზე და უფროსის კაბინეტი დავტოვე.

ახლა სახლში ვზივარ და მეტეხის ციხეზე ეშმაკის ბორბლის, ხოლო ნარიყალაზე ინტერნეტკაფის აშენების აუცილებლობას ვამტკიცებ. თუ არაფერი გამომივა, არა უშავს, მე ხომ გენიოსი უფროსი მყავს!