რომელი "ნაციონალი" სად უნდა დასაქმდეს? - კვირის პალიტრა

რომელი "ნაციონალი" სად უნდა დასაქმდეს?

მთავრდება მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა. მალე ადგილობრივი არჩევნებიც ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრობის" ელიტა პოლიტიკურ თანამდებობებს დატოვებს. ალბათ, ყველას აინტერესებს, სად წავლენ ისინი. ჩვენ გადავწყვიტეთ, მივცეთ მათ კეთილი რჩევა და მოვიფიქრეთ, რომელი თანამდებობა იქნება მათთვის სასარგებლო და ჭკუის სასწავლებელი.

მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს სირიის პრეზიდენტად და ერთი თვე მართოს ქვეყანა. ოპოზიცია ბაშარ ასადის დაბრუნებას მოითხოვს და კონფლიქტიც ამოიწურება.

ნუგზარ წიკლაური უნდა დავნიშნოთ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელად. ისე ,,გააპრავებს" წაგებებს, ფეხბურთელებიც და გულშემატკივარიც კმაყოფილი იქნება.

გიგი უგულავა უნდა დაინიშნოს სტრიპტიზბარის დაცვის უფროსად. მიხვდება, როგორია, სხვები რომ ერთობიან და თვითონ უყურებს.

ვანო მერაბიშვილი უნდა გახდეს ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურის წევრი. 10 წელიწადში იმდენ წიგნს წაიკითხავს.

ბაჩო ახალაია უნდა გავუშვათ გაეროს კეთილი ნების ელჩად. ჩვენს სასამართლოს და პროკურატურას თუ დავუჯერებთ, საუკეთესო კანდიდატი ეგ არის.

დავით ბაქრაძე უნდა დავნიშნოთ ნუგზარ წიკლაურის თანაშემწედ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. კი ეცოდინება, რომ წააგებს, მაგრამ მშვიდად გაჰყვება და გამოჰყვება ნაკრებს.

შოთა მალაშხია უნდა გავუშვათ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საკვლევი ლაბორატორიის ხელმძღვანელად. მართალია, მფრინავი თეფშები არ არსებობს, მაგრამ მაგას რუსეთის დაშლის სჯერა და მფრინავი თეფშების არსებობასაც ადვილად დაიჯერებს.

მარიამ საჯაია უნდა გახდეს კინომსახიობი, გადაცემის წამყვანი, მოდელი, სარეკლამო სახე... რა ვიცი... მაგის გაშვება-შეშვება ყველგან შეიძლება, პარლამენტის გარდა.

ზურაბ ადეიშვილისთვისაც გვინდოდა რამე გამოგვენახა, მაგრამ ბატონ ბიძინას ისე მოსწონს, თვითონ მოუძებნის რამეს...