"მე ყველაფერი მინდა, რასაც შემომთავაზებთ - გაუხარდა "კლიენტს"... დაჯექი - ბრძანება გამოურია ხმაში" - კვირის პალიტრა

"მე ყველაფერი მინდა, რასაც შემომთავაზებთ - გაუხარდა "კლიენტს"... დაჯექი - ბრძანება გამოურია ხმაში"

ეს ამბავი ერთ ჩემს მეზობელ გოგოს გადახდა თავს. სოფლიდან ახალი ჩამოსული იყო სამსახურის საძებრად, ამიტომ თბილისისა და მისი "ღირსშესანიშნავი უბნების" დიდად არა გაეგებოდა რა.

ეს "ღირსშესანიშნავი" უბანი, თავის "ღირსშესანიშნავი" მანდილოსნებით რამდენიმე ადგილასაა: ცირკთან, სანაპიროზე, პეკინზე და ერთიც წერეთელზე. მაგდამ, საუბედუროდ, წერეთელზე, ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. ზუსტად იმ ადგილას, სადაც ეს "ღირსშესანიშნავი" ქალბატონები დგანან ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს მაგდამ არ იცოდა. მოკლედ, ერთ საღამოს, მაგდა, რომელიც ძალიან მომხიბვლელი გოგონა გახლდათ, გამოვიდა სამსახურიდან და ავტობუსის მოლოდინში სწორედ იმ ხსენებულ ადგილას დადგა. 5 წუთიც არ იყო გასული, ფეხებთან "მერსედესმა" დაამუხრუჭა, მინა ჩამოიწია და მომხიბლავმა ყმაწვილმა სრული სერიოზულობით ჰკითხა:

- აქ მუშაობთ გოგონი?

მაგდამ იფიქრა, მაღაზიაზე მეკითხებაო და - კი, აქ ვმუშაობო, - უპასუხა.

- ეტყობა, ახალი ხარ, არა? - გაუღიმა ბიჭმა.

- დიახ, სულ 3 დღეა, რაც დავიწყე - გულუბრყვილობა დაეტყო ხმაში მაგდას.

- ოჰო, ძალიან კარგი, - გაუხარდა ვაჟს - და რა ღირს?

შეკითხვამ მაგდა გააკვირვა, მაგრამ მერე იფიქრა, ალბათ რაიმეს ყიდვა უნდაო და ბიჭს უპასუხა: - გააჩნია, თქვენ რა გნებავთ.

- მე ყველაფერი მინდა, რასაც შემომთავაზებთ. - გაუხარდა "კლიენტს".

- ყველაფერი? - მთლად დაიბნა მაგდა, - ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია, უფროსს უნდა შევუთანხმდე.

- ვა, უფროსიც გყავს? - ახლა ვაჟს გაუკვირდა.

- რა თქმა უნდა, სამსახურში მან ამიყვანა.

- კარგი, შეუთანხმდი, ძალიან მომეწონე, გადავიხდი რამდენსაც მეტყვი. დაჯექი, წავედით ჩემთან, - გაუღო მანქანის კარი ბიჭმა.

- თქვენთან რატომ წამოვიდე? - ხმას აუწია მაგდამ.

- აჰა, თქვენი ბინით ემსახურებით კლიენტს? კარგი, ეგრე იყოს, დაჯექი, - ბრძანება გამოურია ხმაში. ახლა კი მიხვდა ჩვენი მაგდა, რაზეც ელაპარაკებოდა უცხო მამაკაცი. შენ მე ვინ გგონივარ, გათახსირებულოო, მიაძახა და სირბილით ავიდა წერეთლის მეტრომდე.

ვერიკო. თბილისი