პირველი აღშფოთება - კვირის პალიტრა

პირველი აღშფოთება

აი, რა გვიამბო ჩვენმა კოლეგამ, დაჩი გრძელიშვილმა: - ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა უცხოელების შეშფოთება-აღშფოთებები ასე "ცვეტში" არ იყო. ერთხელ გერმანიაში

მივლინებით წავედი, ფრანკფურტის აეროპორტში ჩემი დისშვილი, რომელიც დიდი ხანია იქ ცხოვრობს და მასპინძელი, გერმანელი ჰანსი დამხვდნენ. რატომღაც ბილეთთან დაკავშირებით პრობლემა შემექმნა ადმინისტრაციასთან. ყველანაირი კანონით მართალი ვიყავი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. თავიდან თავს ვიკავებდი, მაგრამ ბოლოს, როცა მივხვდი, რომ 200 ევროს ტყუილად ვკარგავდი, ჩემს მასპინძელს შევჩივლე.  - რაო?! ეს როგორ გაბედეს! ახლა ნახეთ მაგათ რა ვუქნაო?! - თქვა ჰანსმა ხმამაღლა და ადმინისტრაციისკენ გაეშურა. უხერხულობა ვიგრძენი და დისშვილს ვთხოვე გადაეთარგმნა, რომ არ ღირდა ამხელა ამბის ატეხა "რაღაც" 200 ევროს გამო, თუმცა ჰანსმა მაინც გააგრძელა გზა და ჩემს დისშვილს სთხოვა გაჰყოლოდა, რომ ენახა რას უზამდა აეროპორტის ადმინისტრაციას. რამდენიმე წუთის შემდეგ ჰანსი და ჩემი დისშვილი ისეთი კმაყოფილი სახით გამოვიდნენ, ვიფიქრე, ახლა გამოვა აეროპორტის უფროსი და ბოდიშს მომიხდის-მეთქი.

- აი, ჰკითხე შენს დისშვილს, რა ამბავი დავაწიე დირექტორს, - მითხრა ჰანსმა. მესიამოვნა და ჩემს დისშვილს გადავხედე. იმან კი "დაწვრილებით" მომიყვა იქ მომხდარი, - ჰანსი დირექტორთან მივიდა და მკაცრი სახით უთხრა: - მე თქვენი საქციელით აღშფოთებული ვარო. ეს იყო და ეს, მართალია, 200 ევრო დავკარგე, მაგრამ მაინც "კმაყოფილი" დავრჩი, რადგან ჰანსი "აღშფოთდა".