მიშას გამოლოცვაც აღარ უშველის - კვირის პალიტრა

მიშას გამოლოცვაც აღარ უშველის

დღევანდელ ქართულ რეალობაში ყველაზე ცნობილი პასუხი არის "არ ვიცი".

- სად მიდის ბიძინა?

- არ ვიცი.

- რას იზამს მიშა?

- არ ვიცი.

- ვინ იქნება ახალი პრემიერი?

- არ ვიცი.

- როდის გავა საქართველოს ნაკრები ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე?

- ოოო, ეგ ნამდვილად არ ვიცი! - და ასე შემდეგ... ამიტომ გადავწყვიტეთ, ისეთ კაცთან მივსულიყავით, რომელიც არაფერზე გვეტყოდა, არ ვიციო, ასეთად კი ცნობილი ასტროლოგი მიშა ცაგარელი მივიჩნიეთ.

- ბატონო მიხეილ, დიდი ხანია, არ ვყოფილვართ თქვენთან, ბევრი რამ მოხდა, მთავრობა შეიცვალა, ახალი პრემიერი მოვიდა და მიდის, რას იტყვით ივანიშვილის ზოდიაქოს შესახებ?

- ივანიშვილი ზოდიაქოთი არის მერწყული, მისი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ახასიათებთ მესიანური მოვალეობები. მან შეასრულა თავისი მისია და მიდის, ის თავს კარგად გრძნობს იქ, საიდანაც მოვიდა, პოლიტიკაში მისი ადგილი არ არის და ამას თვითონაც მიხვდა. მერწყულისთვის ასევე დამახასიათებელია კულისებს მიღმა ყოფნა. ასეთი იყო ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლამდე და ასევე უნდა, გააგრძელოს. ის სწორად იქცევა.

- სააკაშვილი, როგორც ვიცით, მშვილდოსანია, მერწყული და მშვილდოსანი ერთმანეთს ვერ ეწყობიან, არა?

- როგორ გეკადრებათ, მშვენივრად ეწყობიან და მეგობრობენ კიდეც. არ გახსოვთ, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მიშას და ბიძინას? ძალიან კარგად უგებდნენ ერთმანეთს, მაგრამ მერე მიშა, როგორც ჩანს, ძალიან ცუდად მოიქცა და... აქ უკვე ზოდიაქოს ძალა ვეღარ მოქმედებს.

- ბატონო მიხეილ, შარშან არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვიყავით თქვენთან და თქვით, რომ მიდიოდა ბრძოლა შავ და თეთრ ძალებს შორის, რაც თეთრი ძალების გამარჯვებით დამთავრდებოდა. ასეც მოხდა - შავი ძალები შარშან ოქტომბერში დამარცხდნენ, ახლა რა მოხდება?

- ახლა გვაქვს ასეთი სიტუაცია: სამყარო 2014 წელს საქართველოს აძლევს შანსს, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში. ძალიან დიდი კარტ-ბლანში გვექნება, გაისად რომ წინსვლა დაიწყოს... სხვათა შორის, ძალიან კარგია, 27-ში რომ დაინიშნა არჩევნები. 2 და 7 ქმნის ცხრიანს, ცხრიანი კი ზოდიაქოს მნიშვნელოვანი ციფრია სიახლეების დასაწყებად.

- ციფრებს ამხელა მნიშვნელობა აქვს?

- რა თქმა უნდა, გახსოვთ, შარშან არჩევნებზე "ქართული ოცნების" ნომერი ჯერ იყო 7, მერე კი მიშამ შეუცვალა... აი, მანდ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა.

- ანუ 7-იანი ცუდია?

- არა, ცუდი არ არის, მაგრამ 41 ნაციონალების დაღუპვა იყო. 4 და 1 ქმნის ხუთს, ნაციონალური მოძრაობის ნომერიც 5 იყო, ანუ რა მოხდა? - წარმატება გაუყო.

- თქვენ ადრე ამბობდით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არ გიჯერებდნენ. ახალი მთავრობის წევრების დამოკიდებულება როგორია?

- ბატონ ბიძინას შევხვდი რამდენიმე თვის წინ და მან პირად საუბრებში აღიარა ასტროლოგია, როგორც მეცნიერება, ეს იყო და ეს... საქმით ეს არ ჩანს.

- რას გულისხმობთ, რამე ურჩიეთ და არ გაითვალისწინა?

- ახლავე გეტყვით... ორი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, გამოვიდა პირველად და გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. გაიხსენეთ, როგორი აგრესიული იყო განცხადება ტელევიზიების მისამართით. აგერ, ახლაც, კარგად ნახეთ, რა აგრესიული იყო ექსპერტებსა და ჟურნალისტებთან შეხვედრისას. ეს არის დრო, როცა მზე გამოდის სასწორის არეალიდან. სასწორი ყველაზე მშვიდი ნიშანია, ამიტომ 23 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდი ძალიან ცუდია მისთვის და უნდა მოერიდოს მკვეთრი განცხადებების გაკეთებას.

- სააკაშვილს ამ ბოლო დროს სულ ასეთი პერიოდი აქვს...

- სააკაშვილის ვარსკვლავს უკვე აღარაფერი ეშველება. მახსოვს, 2001 წელს ძალიან ცუდად იყო, უძილობა სჭირდა, სულ შფოთავდა და აგრესიული ხდებოდა. მაშინ ვურჩიე, გამოელოცა და განიკურნებოდა. დამიჯერა... სპეციალურად მისთვის მოძღვარი კვეთებულის ლოცვას კითხულობდა და გამოვიდა კიდეც მდგომარეობიდან. ამის შემდეგ დაიწყო მისი აღმავლობა და გახდა პრეზიდენტი.

- ახლა ეს ინტერვიუ რომ წაიკითხოს და ისევ გამოილოცოს, ხომ დავიღუპეთ, მიშა ბატონო?

- ახლა გამოლოცვაც ვეღარ უშველის, იმდენად დაბინძურებული აურა აქვს.

- ბოლოს, არ შეგვიძლია, არ გკითხოთ ქართულ ფეხბურთზე... არაფერი ეშველება, ხომ?

- რა გითხრათ, აბა? მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ემბლემა შეცვლილიყო, არაფერი გამოვიდა და ამიტომაც ვერც ვერასოდეს წავა ფეხბურთი წინ.

- რომელ ემბლემას გულისხმობთ, ბორჯღალს?

- დიახ, უკუღმა მოტრიალე ბორჯღალი ქმნის ცუდ აურას...

- გამოდის, ჩვენი ფეხბურთელები რომ ვერ დარბიან, უკუღმა მოტრიალე ბორჯღალის ბრალია?

- ცუდი რაც ხდება ქართულ ფეხბურთში, ყველაფერი მაგის ბრალია.