სასოწარკვეთილი ექიმი
07-10-2013
სასოწარკვეთილი ექიმი
ჩემი მეგობარი ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი იყო. ერთ დღესაც სამსახურში შევუარე და უცნაური ფაქტის უნებლიე მოწმე გავხდი: სახეშეშლილი ჩემი მეგობარი ერთ კაცს მისდევდა და ხან მუქარით, ხან კი ვედრებით სთხოვდა, დაებრუნებინა მისთვის რამდენიმე დღის წინ ქაღალდზე დაწერილი წამლის დასახელება. პაციენტი კი ყვიროდა, არ მაქვს, ექიმო, თქვენი წამალი ძალიან მომიხდა, ის ფურცელი კი დავხიე და გადავაგდეო.
ექიმი იძულებული გახდა, მისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ძალიან განიცდიდა. როცა ვკითხე, რაში იყო
საქმე, მიამბო, რომ რამდენიმე დღის წინ მასთან მისულა ეს კაცი, უთქვამს, სქესობრივი სისუტე მაქვსო და უთხოვია, გამოეწერა რაიმე წამალი. ჩემს მეგობარს უთქვამს, ამის თაობაზე სექსოპათოლოგს მიმართეო, მაგრამ იგი არ მოეშვა და თავიდან რომ მოეცილებინა, ქაღალდზე დაუწერა რაღაც უვნებელი წამალი, მაგრამ რომელი - ვერაფრით ვეღარ გაიხსენა.
დღეს ეს კაცი მოსულა ექიმთან ხურჯინგადაკიდებული, სოფლიდან ჩამოუტანია ხილი, ყველი, ღვინო და უამრავი რამ. როცა უკითხავს, როგორ არის საქმეო, იმ კაცს უპასუხია - დიდი მადლობა, ექიმო, თქვენი წამალი ისე მომიხდა, ვბურღავ ყველაფერსო!

- რაღა დაგიმალო და ასეთ წამალზე არც მე ვიტყოდი უარს!.. - დაასრულა ჩემმა მეგობარმა მონათხრობი.

კოტე მესხი. თბილისი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით