"ამჯერად აუცილებლად ბიჭი იქნება" - კვირის პალიტრა

"ამჯერად აუცილებლად ბიჭი იქნება"

ძველი დროა, მაშინ, როცა ექოსკოპიებით ჩვილის სქესის დადგენა არ ხდებოდა. ჩემმა მეგობარმა, თამაზმა, მეუღლე სამშობიაროში დააწვინა. ორი გოგოს შემდეგ, რა თქმა უნდა, ბიჭს ელოდებოდა.  თამაზის მთელი სამეგობრო, შამპანურებმომარჯვებულნი სამშობიაროს ეზოში ვიყავით შეკრებილი. თამაზი ნერვიულად მიდი-მოდიოდა, სიგარეტს აბოლებდა და ხშირ-ხშირად გაიძახოდა: "არა, ამჯერად აუცილებლად ბიჭი იქნება." ჩვენც ვამხნევებდით - ბიჭი იქნება, აბა რა..." რამდენიმე საათის შემდეგ, შესასვლელ კართან სანიტარი გამოჩნდა და... ბიჭია, ბიჭი! - ახარა თამაზს. ბედნიერ მამას ყურები კინაღამ ავახიეთ, როგორც იქნა, დაგვისხლტდა ხელიდან, სამშობიაროს კარს მივარდა და სანიტარს ეკითხება:

- ქალბატონო, ხომ არ შეგეშალათ? სხვისი ბავშვის დაბადება ხომ არ მახარეთ? - ჯერ კიდევ არ სჯეროდა გახარებულს. სანიტარს ეშმაკურად აუციმციმდა თვალები:  - მე არაფერი შემშლია, ბატონო, ნამდვილად შენმა ცოლმა იმშობიარა, აი, ბავშვი შენია თუ სხვისი, მაგას კი ვერ გეტყვიო - დაამშვიდა აფორიაქებული მამა და სიცილ-კისკისით კარს იქით გაუჩინარდა.

ნოდარ ოდიშელიძე. დუშეთი