"გვეყოფა მაიმუნობა" - კვირის პალიტრა

"გვეყოფა მაიმუნობა"

გასული საუკუნის 80-იან წლებში გეოლოგად ვმუშაობდი და ხშირად მიწევდა მივლინებაში წასვლა. ერთხელ 7-კაციანი ჯგუფი გავემგზავრეთ მივლინებით ქალაქ გელეჯინკში. იქ ჩასულთ ვაგონში მოგვიხდა ცხოვრება.

ცუდი ამინდი იყო, ვერ ვმუშაობდით, ვერც ვერთობოდით და უსაქმურობით დატანჯულები ჩვენი ჯგუფის წევრ ჩია ვალოდიაზე ,,ვიყრიდით ჯავრს" -  საწყალს, ხან ფოსტლებს ვუჭედებდით იატაკზე, ხან წებოს ვუსხამდით სკამზე, ხან შარვალს ვუსველებდით, მოკლედ, გაწამებული გვყავდა კაცი!

ერთი კვირის შემდეგ, როგორც იქნა, გამოიდარა. ჩვენც საქმეს შევუდექით და გადავწყვიტეთ, ვალოდიას "შევრიგებოდით":

- კარგი, ვალოდია, გვეყოფა მაიმუნობა, აღარ დაგიჭედებთ ფოსტლებს იატაკზე, აღარ დაგისველებთ შარვალს, აღარ დაგისხამთ წებოს სკამზე, შევრიგდეთ! - ვუთხარით ჩვენ.

- ძალიან კარგი, ბიჭებო, - გვითხრა დარცხვენილმა, - მაშინ, აღარც მე ჩაგიფსამთ ყოველ დილით ჩაიში!

ამის თქმა იყო და, ვინ სად ცდილობდა ღებინებას და ვინ - სად!

კინაღამ შემოგვაკვდა საწყალი ვალოდია...

ლევან კვანტალიანი, თბილისი