ხარაგაულის დედალი - კვირის პალიტრა

ხარაგაულის დედალი

კომუნისტების დროს დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი რაიონის მილიციის უფროსი იყო მეტად თავისებური და ჯიუტი კაცი ,,ნესტორიჩი". ერთ საღამოს ნესტორიჩი თავის თანამშრომლებთან ერთად რესტორანში მივიდა. რა თქმა უნდა, საუკეთესო სუფრა გაუშალეს, ჩიტის რძე არ აკლდა. გადახედა სუფრას მილიციის შეფმა და მოხარშულ დედალს დაადგა თვალი.

- ოფიციანტ!!! - დაიქუხა ნესტორიჩმა. - ეს დედალი არ მომწონს, მომიტანეთ ხარაგაულის დედალი!!!

რა თქმა უნდა, მაშინვე წაიღეს და რამდენიმე წუთში ახალი მოიტანეს. ნესტორიჩმა დედალს კურტუმოში ცერა თითი გაუყარა და რამდენიმეწუთიანი დაკვირვების შემდეგ განაცხადა;

- ეს არ არის ხარაგაულის, ეს ზესტაფონისაა.

დაფაცურდნენ რესტორნის თანამშრომლები და რამდენიმე წუთში ისევ ახალი მოიტანეს. იგივე განმეორდა - გაუყრის ცერა თითს ნესტორიჩი ქათამს და დაიძახებს, ეს სამტრედიისაა, ეს - საჩხერის... ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთზე დაიძახა, აი, ეს არის ხარაგაულისო. ამ დროს იქვე, მეორე მაგიდასთან, რაიონის ცნობილი კოლორიტი ჟორა ბ-ძე ქეიფობდა. მივიდა ნესტორიჩთან და ეუბნება:

- ბატონო, ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან...

- რა გინდა? - შეუბღვირა მილიციის უფროსმა.

- რა და, ბავშვთა სახლში გავიზარდე, არ ვიცი, საიდან ვარ წარმოშობით და იქნებ დაგედგინათ, ჰა?

წარმოიდგინეთ, იქ რა მოხდებოდა. სიცილი თვით მრისხანე ნესტორიჩმაც ვერ შეიკავა.

ვარლამ ზამთარაძე. სამტრედია