ვინ რომელ ხილს და ბოსტნეულს ჰგავს - კვირის პალიტრა

ვინ რომელ ხილს და ბოსტნეულს ჰგავს

ჩვენ ხშირად ვადარებთ ამა თუ იმ პოლიტიკოსს სხვადასხვა საგანს. ამას წინათ ტელევიზორში ვიღაცამ თქვა, ეს ჩვენი პოლიტიკა ნამდვილი აჯაფსანდალიაო, მერე მეორემ - კოალიცია "ქართული ოცნება" ხილის ასორტივითააო... მოკლედ, გადავწყვიტეთ, ჩვენი სასიქადულო პოლიტიკოსები თავიანთი თვისებების მიხედვით ხილ-ბოსტნეულისთვის შეგვედარებინა. მაშ, ასე:

ბიძინა ივანიშვილი - ქოქოსი. რაც უნდა ურტყა, ვერაფერს უზამ, უნდა იცოდე, როგორ გახსნა, მერე კი მიდი და სვი, რამდენიც გინდა.

ირაკლი ალასანია - პომიდორი. ლამაზია, გემრიელია და ამერიკიდანაა შემოსული.

ირაკლი ღარიბაშვილი - კარალიოკი. მკვახეც კარგია და რომ დამწიფდება, უფრო გემრიელი ხდება.

ირაკლი შიხიაშვილი - ბალი. თეთრიცაა, შავიც, წითელიც, ჭრელიც, მაისის, და ა.შ.

გიგი უგულავა - თხილი. ძირს რომ დავარდება, შეიძლება არ გატყდეს, მაგრამ სატეხს იშოვი და რა პრობლემაა....

მიხეილ სააკაშვილი - გოგრა. გაიზრდება, ავა სიმაღლეზე, მერე თავის სიმძიმეს ვეღარ უძლებს და მიწაზე ენარცხება.

დავით ბაქრაძე - ჭყინტი ლობიო. გოგრაზე იცის შემოხვევა, მერე, გოგრა რომ ჩამოვარდება, ის შეიძლება ხის ტოტზე დარჩეს და იქვე გახმეს.

ნინო ბურჯანაძე - ნიახური. რამდენჯერაც მოჭრი, იმდენჯერ ამოდის.

შალვა ნათელაშვილი - კოწახური. ეზოში რომ დგას, სტუმრები მოწყვეტენ და ჭამენ, მაგრამ სუფრასთან არასოდეს მიაქვთ.

ვანო მერაბიშვილი - რკო. მართალია, ნაჭუჭშია და ადრე თუ გვიან გამოვა, მაგრამ საჭმელად მაინც არ ვარგა.

გიორგი მარგველაშვილი - ანანასი. ფულიან ხალხს აქვს ნაჭამი და ამბობენ, გემრიელიაო, მაგრამ ღარიბებმა არ ვიცით, რა ხილია.

მომავალი პრემიერი - ბოლოკი, კარტოფილი, ხახვი, ნიორი, სტაფილო, ჭარხალი - მოკლედ, სანამ არ ამოთხრი, ვერ გაიგებ, რა არის.

ზურაბ ადეიშვილი - წაბლი. რომ შეჭამო, ჯერ ეკლიანი გარეკანი უნდა შემოაცალო, მერე უნდა გატეხო და კანი მოაცილო... მოკლედ, არ ღირს წვალებად...

კახა კალაძე - კომში. როგორც ხილი, კარგია, კომპოტი - უკეთესი. აი, ბრინჯის ფლავს უფრო მოდისთვის უმატებენ, თორემ გემოს მაინცდამაინც არ ცვლის.