გამოსამშვიდობებელი წერილი მიხეილ სააკაშვილს!.. - კვირის პალიტრა

გამოსამშვიდობებელი წერილი მიხეილ სააკაშვილს!..

ჩვენო ლამაზო, ჭკვიანო და პოლიგლოტო პრეზიდენტო! როგორ გვინდოდა ჩვენ... უფრო სწორად - შენ, ეს წერილი 20 წლის შემდეგ დაგვეწერა, მაგრამ მუხთალმა წუთისოფელმა, უფრო სწორად - ბიძინამ, არ დაგ(ვ)აცადა. არასდროს დაგვავიწყდება, როგორ გამოგქონდა ბარგი რეზიდენციიდან, ხელში რომ გეჭირა, იმ კომპოტივით სავსე გქონდა თვალები ცრემლით, ჩვენო უდროოდ მიჯირყნულო ბიჭო. ძველებურად კი იძახდი, ,,ნურას უკაცრავად" და ,,ვერ მოგართვით", მაგრამ ეს ის ,,ნურას უკაცრავად" და ,,ვერ მოგართვით" აღარ იყო, ობამასგან განწირულო და მაკკეინისგან ვერდაცულო! რა სწრაფად გაირბინა 9 წელიწადმა! შენი აღმშენებლობა მოცეკვავე შადრევნებით დაიწყო, ბათუმში. ვინ იფიქრებდა, ის შადრევნები ახლა მურმან დუმბაძის დაკრულზე თუ იცეკვებდნენ. მერე იყო პატრიოტთა ბანაკები... ზრუნავდი ახალგაზრდებზე და ერის გამრავლებაზე და მოზარდებს ბუჩქებისკენაც კი მოუწოდებდი, მაგრამ ვინ დაგიფასა - გაიზარდნენ ის ბავშვები და ბერასთან ერთად 41-ნომრიანი მაისურებით დარბოდნენ ქუჩებში. ნელ-ნელა ყალიბდებოდი ერის მამად.

ნოემბრის ერთ სუსხიან დღეს, როცა გაბრაზებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა, შენ მათ "დუბინკები" გამეტებით ურტყი, მაგრამ ხალხმა ვერ გაგიგო, რომ ეს, როგორც ერის მამამ, მამაშვილური სიყვარულით გააკეთე. შენი მზრუნველი ხელი ჟურნალისტებსაც არ გვაკლდა. სწორედ ამ მამაშვილურმა სიყვარულმა შთაგვაგონა, გვეწერა მეგობრობაზე, კაცთა შორის სათნოებაზე, ბათუმზე, ბარსელონაზე, ამბროლაურზე, ნიცაზე, საქართველოს პირველ ადგილზე ეკონომიკაში და ის-ის იყო, ცხვრის და მგლის მინდორში ერთად კუნტრუშზე უნდა დაგვეწყო წერა, რომ მუხთალმა წუთისოფელმა, უფრო სწორედ, ბიძინამ - არ დაგაცადა. ომიც ხომ მოვიგეთ! როგორც მოგებულ ქვეყანას, მსოფლიომ ოთხმილიარდიანი დახმარება გამოგვიყო და წელში გავიმართეთ. რა უნდა გექნა? ომი მოგებული გვქონდა, ეკონომიკა - მსოფლიოში ყველაზე განვითარებული, ოთხი მილიარდი ხომ უნდა გამოგეყენებინა, ჰოდა, შეუდექი აღმშენებლობას.

აშენებდი იუსტიციის სახლებს და რომ არა მუხთალი წუთისოფელი (კი არა - ბიძინა), ისეთი ტემპით მიდიოდი, სულ მალე თითო ქართველზე თითო იუსტიციის სახლი მოვიდოდა. აშენებდი ხიდს, გზას, გვირაბს, მაგრამ იმდენჯერ ხსნიდა შენი მზრუნველი ხელი, რომ გამოდიოდა - ხიდები, გზები, გვირაბები. თანამედროვე მსოფლიომ ბევრი არქიტექტურული საოცრება იცის: ეიფელის კოშკი პარიზში, თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში, ოპერის თეატრი სიდნეიში, გვირაბი ლამანშის სრუტეში, შენ კი ეს საგანძური კიდევ ერთი საოცრებით გაამდიდრე, როცა ბათუმში შლოპანცებისა და კვერცხების ქანდაკება აღმართე, ჩვენო დაუდგრომელო პრეზიდენტო. ვერ აჰყვა შენს ტემპს ჩვენი საწყალი კონსტიტუცია და ამიტომაც  შენი მზრუნველი ხელი ხშირად ცვლიდა მას. ზოგიერთები კი გაიძახოდნენ, არ შეიძლება კონსტიტუციის ცვლილებაო, მაგრამ კონსტიტუცია კი არა, ერთხელ "ვეფხისტყაოსანიც" შეცვალე, ჩვენო დიდო რეფორმატორო და რა მოხდა მერე?

ბოროტი ენები ამბობდნენ, თითქოს ხალხს არ უსმენდი, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით სიმართლე - შენ და შენი მეგობრები, მერაბიშვილი თუ ადეიშვილი, ხალხს ყოველთვის და ყველგან უსმენდით: სახლში, სამსახურში, აბაზანაში, ყანაში... ატარებდი კონცერტებს! მართალია, ეს კონცერტები მილიონები გვიჯდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ, გავიგეთ, რომ ტოტო კუტუნიო, კრის დე ბურგი და რიკი ე პოვერი ცოცხლები არიან.

სილამაზე გიყვარდა, ჩვენო ლამაზო, ალამაზებდი ქალაქებს პალმებით, ქუჩებს - ქვაფენილებით, პარლამენტს - საჯაიებით. ბოლოს, როცა საქართველო ეკონომიკურად გააძლიერე, უმუშევრობა შეამცირე, მთავრობასა და თანამდებობის პირებს ფუფუნებით ცხოვრება აუკრძალე, შენ კი მილანის ნაცვლად ლილოში დაიწყე ტანსაცმლის ყიდვა, დარჩენილი ფულით ლაზიკის აშენება გადაწყვიტე, მაგრამ ბიძინამ... უფრო სწორად, მუხთალმა წუთისოფელმა, შენს მიზნებს ფრთები შეუკვეცა. გემშვიდობებით, მიშა! შენ ჩვენთვის ბევრი რამ გააკეთე, ახლა დროა, საკუთარ თავზეც იზრუნო, ამიტომ წადი, მსოფლიო კიდევ ერთხელ, გულდასმით მოიარე, ყველა პლაჟზე დაისვენე, ძველი მეგობრები მოინახულე, რაც გინდა, ის ქენი, ოღონდ აქ არ დაბრუნდე, გეხვეწებით, რა...