ძველი დრო დააბრუნეთ - კვირის პალიტრა

ძველი დრო დააბრუნეთ

მოგეხსენებათ, ბიზნესმენი გახლავართ, ოცი წელი იქნება უკვე. შევარდნაძის დროს, მახსოვს, კარგი იყო - საგადასახადოს რესტორანში წავიყვანდი და ეგ იყო. ცოტას ქურდებსაც ვაძლევდი, ცოტას - პოლიტიკოსებს. არც მიშას დროს ვუჩიოდი, მართალია, ქრთამს ჯიბეში არავის ვუდებდი, მაგრამ ქვეყნის აღმშენებლობაში (მარწმუნებდნენ, ზოგიერთი ჩინოვნიკისთვის ჯიპების ყიდვა და ვილების აშენება ქვეყნის აღმშენებლობააო) ვიხდიდი, ცოტა მეც მრჩებოდა და სხვასაც ვუხარებდი ცოლებს და სიდედრებს. ისევ შეიცვალა მთავრობა და ახლა ყველაზე ცუდი დღეები მიდგას. მოგახსენებთ, რაშიცაა საქმე.

გავიდა ახალი ხელისუფლების მოსვლიდან რამდენიმე თვე და 20 წლის განმავლობაში რომ არ შემომსვლია, იმდენი ფული შემომივიდა, უფრო სწორად, არც საგადასახადო მაწუხებდა ზედმეტად და არც იმას მეუბნებოდა ვინმე, აღმშენებლობას სჭირდება ფულიო. ჰოდა, დამიგროვდა ეს ფული ბანკში და დავიბენი, ძალიან დავიბენი, შემეშინდა კიდეც - არ ვიცოდი, ამ ფულისთვის რა მექნა და შეშინებულმა საგადასახადოს ჩემი ფეხით მივაკითხე.

- გამარჯობა, ბატონო, -  მივესალმე შეფს.

- გაგიმარჯოს, დაბრძანდით, - მიპასუხა მან და სკამი შემომთავაზა.

- ბატონო, ფული მაქვს იქნებ გადასახდელი, ან ჯარიმა, ან რესტორანი მაქვს საკისრებელი... - ხმის კანკალით დავიწყე.

- ერთი წუთით, - მითხრა მან და კომპიუტერი ჩართო, იქ ცოტა ხანს რაღაცას უყურა და მითხრა:

- არაფერი, ბიუჯეტის ყველა ვალი გადახდილი გაქვთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.

- ბიუჯეტთან კი, მაგრამ ბევრი ფული ვიშოვე და ცოტა არ უნდა მივცე აქ ვინმეს?

შეფმა გაკვირვებით შემომხედა, მერე მითხრა, წადი ახლა აქედან, შემთხვევით ხელი არ წამცდესო და გამომიშვა.

კიდევ უფრო შევშინდი. ვიფიქრე, ალბათ, ბიზნესი უნდა წამართვან და სპეციალურად იქცევიან ასე-მეთქი, ჰოდა, ავდექი და ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერთან მივედი. მანაც ღიმილით მიმიპატიჟა და სკამი შემომთავაზა.

- ბატონო, - დავიწყე პირდაპირ, - "კრიშა" მინდა...

- რა გინდათ? - გაოცდა პოლიტიკური ლიდერი.

- "კრიშა", "კრიშა"! - გავიმეორე ხმამაღლა.

- მერე ჩემთან რა გინდათ, "მონტერეის" მაღაზიაში მიდით, - გაეცინა მას.

- არა, ბატონო, მე მინდა, ბიზნესი "დამიკრიშოთ".

- ეს საჭირო აღარ არის, - გამიღიმა მან.

- როგორ, ეს თუ არ ვქენი, ბიზნესს არ წამართმევთ?

- რას ამბობ!

- არც მცემთ, არც ნარკოტიკს ჩამიდებთ?

- არა-მეთქი!

- არც რუსეთის აგენტი ვიქნები?

- არა, რას ამბობთ! წადით, თქვენს საქმეს მიხედეთ! - მითხრა პოლიტიკურმა ლიდერმა და კაბინეტიდან გამომისტუმრა.

ქუჩაში აღმოვჩნდი. გული ცუდს მიგრძნობდა. გადიოდა თვეები და არავინ მოდიოდა ჩემთან. ფული მიგროვდებოდა. იმდენი ფული დავაგროვე, ბიზნესი სამჯერ გავაფართოვე, მაგრამ რად გინდა - ღამე შიშით მძინავს, ვხვდები, რომ ჯერ ალბათ, დამაცდიან და კარგად რომ გავაფართოებ ბიზნესს, მერე გამომაცხადებენ რუსეთის აგენტად და ყველაფერს წამართმევენ. ძველი დრო მენატრება. როცა აღმშენებლობაში ვიხდიდი ფულს ან ქურდები მაწერდნენ, მშვიდად ვიყავი, ჰოდა, ეს დრო დამიბრუნეთ, ბატონებო!..