ჟენშენის სასწაული - კვირის პალიტრა

ჟენშენის სასწაული

ქუთაისში ერთი შესანიშნავი კაცი ცხოვრობდა, სახელად ვაჟა. ძალიან პატიოსანი ადამიანი იყო. საბჭოთა არმიის რიგებში წასვლამ რომ მოუწია, მალე დაიმსახურა უფროსების კეთილგანწყობა და სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ დარჩენა და სამსახური შესთავაზეს. ვაჟა დათანხმდა და მალე ერთ-ერთი ოფიცრის ლამაზი ქალიშვილიც შეირთო ცოლად. გავიდა წლები. ცოლს ექიმბაში ბებია ჰყავდა, რომელმაც სიძეს ჟენშენის” ძირებისგან გასაახალგაზრდავებელი ნაყენის დამზადება ასწავლა. ვაჟა ამ საქმეში დაოსტატდა, მშობლებს ყველაფერი შეატყობინა და თავისი დამზადებული წამლებიც გამოუგზავნა, თან ექიმისთვის დამახასიათებელი სიზუსტით უთითებდა დოზებს, მიღების დროს, მოსალოდნელ შედეგს, ამასთან, მშობლებს სთხოვდა, ეს წამალი ჯერ თქვენ გამოსცადეთო.

მშობლებს, რა თქმა უნდა, სასაცილოდ არ ეყოთ ეს ამბავი, მეგობრები ხომ მთლად გაგიჟდნენ და ერთად გადაწყვიტეს, ვაჟასთვის ოინი მოეწყოთ. მოელაპარაკნენ ქუთაისელ ახალგაზრდა მსახიობ ქალს და მოზარდს და...

მოკლედ, დაეშვა ვაჟას თვითმფრინავი კოპიტნარის აეროპორტში, ჩამოდის ჩვენი გმირი ტრაპზე, ეძებს ახლობლებს, მაგრამ არავინ ჩანს. ის იყო, გასასვლელისკენ გაემართა, რომ უკნიდან ხმა შემოესმა:

- ვაჟიკო, შვილო ვერ მიცანი? - გაუღიმა ახალგაზრდა ქალმა.

- ვინ ბრძანდებით, ქალბატონო? - გაკვირვებით ჰკითხა ვაჟამ.

- ვერ მიცანი, შვილო? დედაშენი ვარ, შენ რომ მიგზავნიდი, იმ წამლებს ვსვამდი და...

- ეს ვინ არის? - მიუთითა გვერდით მდგომ მოზარდზე ვაჟამ.

- მამაშენია, ხომ იცი, ღვინის არ იყოს, არაფრის დოზის დაცვა მაგან არ იცის და ქე უყურებ, რა დღეშიცაა.

ვაჟას ბარგი ხელიდან გაუვარდა და ის იყო, გული უნდა წასვლოდა, რომ სამეგობრო და დედ-მამა გამოჩნდნენ.

მიხეილ ობოლაძე. ქუთაისი.