ვინ რა აჩუქა პრეზიდენტს - კვირის პალიტრა

ვინ რა აჩუქა პრეზიდენტს

ჩატარდა ინაუგურაცია. ჩამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. უბრალო ხალხს არ მოგვეცა საშუალება, დავსწრებოდით ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებას, მაგრამ ტელევიზიით ვიხილეთ არცთუ პომპეზური ცერემონია. ინაუგურაციის შემდეგ გაიმართა ბანკეტი. იქ მით უმეტეს ვერ მოხვდებოდა უბრალო მოკვდავი, თუმცა ჩვენ მაინც გავიგეთ, რომ ბანკეტი სასიამოვნო და მხიარულ ვითარებაში წარიმართა, უამრავი საჩუქარიც მიიღო ახალმა პრეზიდენტმა. ჩვენ საიდუმლოდ შევიტყვეთ, ვინ რა აჩუქა გიორგი მარგველაშვილს. მაშ, ასე:

საფრანგეთის წარმომადგენელმა თქვა, ახლა კი მოვედი ხელცარიელი, მაგრამ მალე კეზერაშვილის "თავს" გაჩუქებთ და მეტი რა ვქნაო.

ნატოს გენერალურმა მდივანმა - მე რასაც წინა და იმის წინა პრეზიდენტს ვჩუქნიდი, იმას გაჩუქებთო და ხმამაღლა განაცხადა: "საქართველო გახდება ნატოს წევრი!"

ამერიკის წარმომადგენელმა - ჩვენი საჩუქარი ყველაზე ძვირფასია, მიშას წავიყვანთო.

რუსეთის წარმომადგენელმა - თქვენმა წინამორბედებმა იმდენი რამე გვაჩუქეს, მე რაღა უნდა გაჩუქოთ, მხოლოდ ერთი შემიძლია - ერთი თვე საზღვარს არ გადმოვწევთო.

თურქეთის წარმომადგენელმა სადღეგრძელო თქვა და ბოლოს დააყოლა - ერთი სერიალი უფასოდ ჩემზე იყოსო.

სომხეთის წარმომადგენელმა - ძალიან გაგვიხარდა თქვენი არჩევა და მთელი სომხეთის სახელით ვამბობ: მგონი, რუსთაველი მართლა ქართველიაო.

ჩინეთის წარმომადგენელმა - ბევრი ვიფიქრეთ, რა გვეჩუქებინა და ბოლოს გადავწყვიტეთ - გჩუქნით ყველა ჩინელს, ვინც საქართველოში მუშაობსო.

არაბეთის მმართველმა 40 ცოლი გამოგზავნა, მე კიდევ ბევრი მყავს და შენ ერთი ამათგან მაინც აირჩიეო.

ჰოლანდიის წარმომადგენელმა - ჯერ კანონი მიიღეთ და მერე საჩუქრები ჩვენზე იყოსო.

ბრაზილიის წარმომადგენელმა - ჩვენ ისეთ თერთმეტ კაცს გაჩუქებთ, ძალიან რომ გჭირდებათო.

საბერძნეთის წარმომადგენელმა ხურჯინი გახსნა და ამოალაგა საჩუქრები: ტყემალი, მჭადის ფქვილი, ტყლაპი, ჩურჩხელა... ჩვენ - ვერაფერი, მაგრამ იქაურმა ქართველებმა ეს გამოგიგზავნესო...

სომალის წარმომადგენელი წამოდგა, მივიდა ბიძინა ივანიშვილთან და სთხოვა, გვაჩუქე რამეო.

და ბოლოს, ქართველი ხალხის სახელით გვინდა, ჩვენც მივართვათ საჩუქარი ახალ პრეზიდენტს: "ბატონო გიორგი, გპირდებით, ერთი წელი მაინც ,,გადადექი"-ს არ შემოგძახებთ..."