გასაუბრება რუსთაველთან
25-11-2013
გასაუბრება რუსთაველთან
დღეს სამოქალაქო სექტორში გადასვლა და იქ საქმიანობა ქვეყნისთვის მთავარ სასარგებლო საქმედ ითვლება. ალბათ, ასე იყო ადრეც, ძველ საქართველოში, თუმცა დღევანდელისგან განსხვავებით, მაშინ, ძირითადად, პოემებით ცდილობდნენ სათქმელის თქმას. გადავწყვიტეთ, სწორედ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი მარგალიტის - "ვეფხისტყაოსნის" შემქმნელისთვის გვეკითხა აზრი დღევანდელ საქართველოზე.

- მოგესალმებით, შოთა ბატონო, რას იტყვით ევროკავშირსა და ნატოზე?
- ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.

- რას იტყვით კოაბიტაციაზე?

- მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში...

- მიუხედავად კოაბიტაციისა,
ბაჩო და ვანო დააკავეს.

- თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

- ადეიშვილზე რას გვეტყვით?

- საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს...

- როგორ უნდა მოხდეს დაკავებული დავით კეზერაშვილის ექსტრადიცია?

- გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

- ალასანია როგორი ბიჭია, ბატონო შოთა?
- ვარდი გააპის, გამოჩნდის
მუნ ბროლი გამომჭვირვალი.

- შალვა ნათელაშვილი ისევ წუწუნებს, ეტყოდით რამეს?
- თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.

- ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, თქვენი აზრით?

- მაქვს უთვალავი ქონება, ვერვისგან ანაწონები,
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები...

- ახალი პრეზიდენტი გვყავს, შეიძლება თქვენ არ იცნობთ - გიორგი მარგველაშვილი. რაიმეს ხომ არ ურჩევდით?
- სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა...

- ძველ პრეზიდენტს, მიშა სააკაშვილს, რას ეტყოდით?

- რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.

- ნატოში შესასვლელად რა გვჭირდება?

- შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,
რომე დამსხნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე,
გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,
მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

- ქართული ფეხბურთის თემა დიდი ხანია გვაწუხებს, იქნებ გვირჩიოთ რამე...
- ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!

- ქართულ ესტრადასაც შევეხოთ...
- რა ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია.

- დაბოლოს, "ნაციონალებს" ეშველებათ რამე?
- გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა...


რედაქტორის რჩევით