არ გვაქვს ბინა - კვირის პალიტრა

არ გვაქვს ბინა

1980 წელს მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მშვილდოსნობაში ქართველი ქეთევან ლოსაბერიძე გახდა. ვისაც ახსოვს ის დრო, დამეთანხმება, რომ ამ გამარჯვებამ საქართველოს უდიდესი სიხარული მოუტანა, ყველას ქეთევანის სახელი ეკერა პირზე, ბევრ ღონისძიებაზე იწვევდნენ და ყველგან პატივისცემით ხვდებოდნენ...

ეს კურიოზიც მაშინ მოხდა.

თბილისის ერთ-ერთი რაიონის რაიკომის მდივანი იყო მეტად სამართლიანი და იუმორის მოყვარული კაცი. ჰოდა, ამ რაიკომის მდივანთან მისულა ქეთევანის მამა - ბინა უთხოვია.

- ბოდიში, მაგრამ ბინები უკვე გავეცით და სამწუხაროდ, მომავალ წლამდე აღარ გვექნება, - ამცნო მდივანმა მის წინ მჯდომ ლოსაბერიძის მამას, რომელმაც მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგინა თავი მდივანს:

- გასაგებია, მაგრამ მე ქეთევან ლოსაბერიძის მამა გახლავართ....

- მესმის, ბატონო, მაგრამ რა გიყოთ, აღარ არის ბინები, - ხელები გაშალა პარტიულმა ლიდერმა.

სახელოვანი მშვილდოსნის მამამ იფიქრა, ალბათ, არ იცის, ვინ არის ქეთევან ლოსაბერიძეო და ისევ გაუმეორა:

- იცით, თქვენ ალბათ ვერ გაიგეთ, მე ქეთევან ლოსაბერიძის მამა ვარ...

მდივანს გაბრაზება დაეტყო, მაგრამ შემდეგ იუმორმა სძლია და უპასუხა::

- ქეთევან ლოსაბერიძის კი არა, თუ გინდათ, რობინ ჰუდის მამა იყავით... რა ვქნა, ბინები არ არის და საიდან მოგცეთ?

ნ. მ. თბილისი.