რომელი სიმღერის ფონი სად უნდა ჩავრთოთ?.. - კვირის პალიტრა

რომელი სიმღერის ფონი სად უნდა ჩავრთოთ?..

მეტად სასიხარულო კვირა გვქონდა ქართველებს - ევროკავშირთან პარაფირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ამ ისტორიულ ფაქტს მთელი საქართველო სულგანაბული უცქერდა. მაია ფანჯიკიძე და ქეთრინ ეშტონი ღიმილიანი და სათნო სახეებით გაემართნენ ხელის მოსაწერად, ამ დროს კი დარბაზში "სულიკოს" უკვდავი ჰანგები აჟღერდა, რამაც, ალბათ, ყველა ქართველს სისხლი აუდუღა, ცოტა ხნის შემდეგ კი "სულიკო" შეწყდა და სხვა მუსიკა წამოვიდა. თავიდან, მგონი, ვერავინ მიხვდა, რა მუსიკა იყო, მაგრამ შემდეგ ნათლად გამოიკვეთა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ,,სულიკოსთან" ერთად ,,შალახოს" რიტმები მიჰყვებოდა ფონად (ისე, ევროკავშირში "შალახოს" ცეკვით შესვლა ცუდი რატომ არის?). რა თქმა უნდა, ამას დიდი ხმაური მოჰყვა ქვეყანაში - ხელისუფლების მტრები ამბობდნენ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა ჩვენი მთავრობის უპასუხისმგებლობაო, ხელისუფლება თავს იმართლებდა, ჩვენი რა ბრალია, ორგანიზატორებმა თავად შეარჩიეს მუსიკაო. ასე იყო თუ ისე, ვისი ბრალიც უნდა იყოს, ჩვენ მაინც მადლობელი ვართ, რომ მშვენიერი იდეა მოგვაწოდეს. თუ ასეთი ცერემონია მუსიკის ფონზე ტარდება, რატომ არ შეიძლება, ნებისმიერი ხელშეკრულების დადებისა თუ მნიშვნელოვანი მოვლენის დროს ესა თუ ის სიმღერა აჟღერდეს? აAსე, მაგალითად:

ბანკში საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერის დროს უნდა აჟღერდეს - ,,რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობს?.."

უმუშევარი რომ სამსახურს დაიწყებს, შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერისას - ,,დიდხანს გელოდი..."

საქორწინო ხელშეკრულების ხელმოწერის დროს შესაძლებელია, ფონად ორი მელოდია ავირჩიოთ (ისე, როგორც ვილნიუსში მოხდა):

ა) ცოლის ხელმოწერისას - ,,და მაინც რამდენი მალოდინე..."

ბ) ქმრის ხელმოწერისას - ,,მშვიდობით, უკან მოხედვა ძნელია..."

საქართველოს ნაკრების თამაშის დროს - ,,საქართველო ატირდება, ვაჰ, შენს დედასაო..."

არჩევნების დროს - ,,მომატყუე, რომ გიყვარვარ ძლიერ..."

ბიუჯეტის დამტკიცების დროს - ,,შაური შენ, შაური მე, შაური მამაშენს..."

მერიის ტენდერის დროს - ,,მე რამდენ გროშსაც ვიშოვი, სუყველგან ძმაკაცს წილი აქვს..."

თბილისის საკრებულოს სხდომის დროს - ,,გუშინ ჩემი ვარდი იყავ, ახლა დარდი ხარ, ახლოს აღარ მეკარები, გან-გან დადიხარ..."

ბიძინამ რომ გადადგომაზე განცხადება დაწერა, მაშინ უნდა გვემღერა: ,,ლოცვად მინდიხარ, საით მიდიხარ, საით მიდიხარ?.."

სააკაშვილი რომ წავიდა, აეროპორტში უნდა აჟღერებულიყო: "წადი, შორს წადი, იქნებ სულაც გადამავიწყდე..."

კოაბიტაციის პერიოდში - ,,ჩვენ ახლა ერთურთს სიყვარულის თვალებით ვუმზერთ..."”

დასასრულ,  ნეტავ ნატოში მიგვიღონ და თუ უნდათ, სურამელაშვილის ,,მაპატიე" შეარჩიონ ცერემონიის ფონად.