ვისურვოთ, რომ მომავალ ახალ წელს: - კვირის პალიტრა

ვისურვოთ, რომ მომავალ ახალ წელს:

სოხუმსა და ცხინვალშიც გაეყალბებინოს არჩევნები ხელისუფლებას.

მიტინგები ან საერთოდ არ ჩატარდეს, ან თუ ჩატარდება, შედეგიანად.

საქართველოს ნაკრებს ფეხბურთში ჰყავდეს კარგი მეკარე, ოთხი მცველი, ერთი საყრდენი და ორი განაპირა ნახევარმცველი, ორი გარემარბი და ერთიც ცენტრალური თავდამსხმელი.

ან "რუსთავი 2", "იმედი" და "პირველი არხი" მაუწყებლობდეს მხოლოდ თბილისში, ან "კავკასია" და "მაესტრო" მთელ საქართველოში.

საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ქალები (კაცებიც) მხოლოდ ცოდნისა და პროფესიონალიზმის მიხედვით ინიშნებოდნენ.

ხალხს არ ეშინოდეს მოსამართლის, მოსამართლეს - პროკურორის, პროკურორს - "ნაციონალური მოძრაობის", "ნაციონალურ მოძრაობას" - ვანოსი, ვანოს - მიშასი, მიშას - ამერიკისა და რუსეთის.

არჩევნებში ერთხელ მაინც, მხოლოდ ცოცხლებმა მიიღონ მონაწილეობა.

თავისუფლების ინსტიტუტმა ოფისი აკურთხოს და 235 კაცი მრევლს შეემატოს.

ზამთარი ისეთი თბილი ყოფილიყოს, ევროპას გაზი არ დასჭირვებოდეს.

ვენესუელას და ნიკარაგუას მსოფლიო ბანკისგან სესხი აეღოს, ნაურუს ცაზე კი მილიონობით ფრინველს ეფრინოს.

ინდოევროპულ ენებში სახელზმნა "შეშფოთება''" გამქრალიყოს.

ერთ დეპუტატს წელიწადში ერთი თავისი აზრი მაინც გამოეთქვას.

ახლანდელი პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერი ოპოზიციაში არ გადასულიყვნენ და ყოფილი პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ხელისუფლებაში არ დაბრუნებულიყვნენ.

იმდენი სამუშაო ადგილი შექმნილიყოს, ნაციონალურ მოძრაობას თავისი წევრები არ ჰყოფნიდეს და ხალხიც დაესაქმებინოს.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში ოპოზიციური კვოტით გასულ გიგა ნასარიძესთან ერთად, ხელისუფლების კვოტით დაჩი ცაგურიაც გასულიყოს.

ახალ და ლამაზ პრობაციის მინისტრს ბევრი პრესკონფერენცია ჩაეტარებინოს.

პრეზიდენტის მიერ გახსნილ ქარხნებში ვინმეს მუშაობა დაეწყოს.