SMS-ი საიქიოდან - კვირის პალიტრა

SMS-ი საიქიოდან

მე და კაკო დიდი ხნის მეგობრები ვართ, დღე არ გავა, ერთმანეთს რომ არ შევეხმიანოთ, ყოველ დღესასწაულზე ერთად ვქეიფობთ და ოჯახებითაც ხშირად ვიკრიბებით. მიუხედავად ასეთი ურთიერთობისა, ჩვენ შორის მაინც არის ,,შუღლი". იუმორი გვიყვარს ორივეს და ხშირად ,,ვეკაიფებით"  ერთმანეთს. მცირე შეჯიბრებაც კი დავაწესეთ, ჩვენ შორის რომელიც მოტყუვდებოდა, სახინკლეს ან რაიმე ასეთს კისრულობდა. ბოლო თვეებია, სულ მე მიწევდა ხარჯის გაღება. მეც ვიტანდი ამდენ მარცხს და შესაფერის დროს ველოდებოდი. ერთხელ კაკო შემომიჩნდა, შენი მობილურის ნომერი ძალიან მომწონს და მაჩუქეო, რა გაეწყობოდა, ვაჩუქე. გადის რამდენიმე თვე და ეს ჩემი ნომერი კაკომ ბაბუამისს აჩუქა. კი გავბრაზდი, მაგრამ რაღას ვიზამდი. ამ ამბიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ საწყალი ბაბუამისი გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, მთელი კვირა კაკოსთან ვიყავი, ვანუგეშებდი, რადგან ბაბუა ძალიან უყვარდა. დაკრძალვის დღეს თვალი მოვკარი, ცხონებულს ტელეფონს აყოლებდნენ, როგორც შემდეგ გავიგე, თავის ნომრიანად. სწორედ ამ დროს ჩავიფიქრე ,,მზაკვრული" გეგმა. ორმოცი გავიდა თუ არა, მივედი მობილურ კომპანიაში და განვაცხადე, ჩემს სახელზე გაფორმებული ესა და ეს ნომერი დავკარგე და აღდგენა მინდა-მეთქი. მაშინვე მომცეს ის ნომერი, რაც კაკოს ბაბუას ჩააყოლეს. იმ საღამოსვე კაკოს მივწერე:

"კაკოია, ბიჭო, ასე უნდა? არ უნდა მოხვიდე და მნახო? იქნებ რა მიჭირს..."

მართალია, პასუხი არ მიმიღია, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ კაკოს ცოლმა დამირეკა და მთხოვა, კაკო ცუდადაა და მოდიო.

საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და კაკომაც სახინკლე იკისრა.

ი. შენგელია, ქუთაისი